სვანეთში, უშგულში, 18 სექტემბრის ღამის 3 საათისთვის უშგულში მდებარე "კაფე-ბარ ენგურს" ხანძარი გაუჩნდა და ობიექტი სრულად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ კაფე-ბარის მენეჯერმა ქეთი ჩუბინიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, კაფე-ბარის მფლობელები კი ზარალს ითვლიან.
„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ველოდებით გამოძიების შედეგებს და მიზეზებზე ჯერ ზუსტად ვერაფერს ვამბობთ, არ ვიცით რა და როგორ მოხდა. ხარჯებს რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცით, რადგან ყველაფერი დასათვლელია. ობიექტი აღარ არის, ყველაფერი ფერფლად იქცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება“, - აღნიშნა ქეთი ჩუბინიძემ.
უშგულში, ენგურის ნაპირთან კაფე-ბარი ენგური 2018 წლიდან ოპერირებს. კვების ობიექტი 10-მდე ადგილობრივს ასაქმებდა და სტუმრებს ძირითადად ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იღებდა.