მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ველოდებით, რომ საავიაციო საწვავზე ფასი ივლისიდან კიდევ უფრო დაიკლებს - "ჯორჯიან პეტროლიუმი"

გიორგი ანდღულაძე

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი იაფდება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით საწვავის ღირებულება ბარელზე 5%-ით 139 დოლარამდეა შემცირებული.

„ჯორჯიან პეტროლიუმის“ კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავის გაიაფება საქართველოში უკვე აისახა და მოლოდინი აქვს, რომ ივლისიდან ფასი კიდევ უფრო შემცირდება.

მისი განმარტებით, საქართველოში ფასი ტონაზე ითვლება და თუ იანვარ-თებერვალში საავიაციო საწვავის საშუალო ფასი Platts-ზე 750-800 დოლარი იყო, მარტში 1600 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა, აპრილიდან ფასის კლება დაიწყო.

„ახლა უკვე მივიღეთ ის გარემოება, რომ საშუალოდ Platts-ი 1100 დოლარზეა ჩამოსული, გუშინდელი და გუშინწინდელი მონაცემებიც რომ ვნახოთ, 950-1000 დოლარამდეა კლება.

შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი ივნისიდან ფასი კიდევ უფრო დაიკლებს და 1000 დოლარის ფარგლებში იქნება, ეს კი ალბათ, უკვე ის ნიშნულია, რომელსაც ისედაც ვგეგმავდით. ზაფხულში ყოველთვის იგეგმება ხოლმე ფასების ზრდა, რადგან ისტორიულად ასეა. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ფასები გაიზრდებოდა და ვთქვათ, 750 დოლარიდან ზაფხულისთვის მაინც ავიდოდა 900 დოლარამდე. დღეს კი გვაქვს ის მდგომარეობა, რომ ვუბრუნდებით იმ ნიშნულს, რაც ირანის ომამდე იყო. თუმცა სრულად ჯერ არ დაბრუნებულა ძველი ფასები, გაძვირება კვლავ რჩება", - ამბობს ანდღულაძე.

„ჯორჯიან პეტროლიუმის“ კომერციული დირექტორის თქმითვე, კომპანიას საწვავი ძირითადად თურქეთიდან, რუმინეთიდან და საბერძნეთიდან შემოაქვს.

„ჩვენი ძირითადი მომწოდებლები ამ შემთხვევაში ევროპული ქვეყნები და ჩვენი ახლო მეზობლები თურქეთი, რუმინეთი და საბერძნეთი არიან. მართალია, აზერბაიჯანიც აწარმოებს საავიაციო საწვავს, მაგრამ ის მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვისაა საკმარისი. მეტიც, მათ დამატებითი იმპორტიც კი უწევთ საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ასევე, ჩვენთან ახლოსაა თურქმენეთი და ხშირად პროდუქტი იქიდანაც შემოგვაქვს, თუმცა თურქმენეთსაც ბევრი ისეთი ვალდებულება აქვს ადგილობრივი ბაზრისა თუ ახლო მეზობლების წინაშე, რომ ძირითად პარტნიორად მასზე დაყრდნობა ვერ ხერხდება. ამიტომ, სტაბილური მომწოდებლები, რომლებსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, ევროპული ქვეყნებია. ჩვენც ვცდილობთ, საწვავი ყველაზე ახლომდებარე ევროპული ქვეყნებიდან შემოვიტანოთ, რათა ლოგისტიკური დანახარჯები მინიმალური იყოს და უფრო იაფი პროდუქტი მივიღოთ.

შესაბამისად, არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთელი ბაზრისთვის, ამ ეტაპზე ძირითადი მომწოდებლები თურქეთი, რუმინეთი და საბერძნეთია, როგორც ყველაზე ახლო საიმპორტო წერტილები და მწარმოებელი ქვეყნები", - ამბობს გიორგი ანდღულაძე.

ცნობისთვის, საავიაციო საწვავის პარალელურად, მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობიც იაფდება, რისი მიზეზიც აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებაა. 14 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ნავთობის თითქმის მეხუთედს ატარებს, 19 ივნისს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. ეს სრუტე თებერვლის ბოლოდან სრულად ჩაკეტილია, რამაც მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი გააძვირა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის საპასუხოდ, აშშ-მა ირანის ნავსადგურებთან მიმავალი გზები გადაკეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები