"ექსპო ჯორჯიას" აღამსრულებელი დირექტორი, რესან ქიქავა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ, მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, უშედეგოა. როგორც ქიქავა "საქმიან დილასთან" ინტერვიუში აცხადებს, გაუგებარია "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლის თანახმადაც საქართველოში სიტუაციის დეესკალაციისთვის აშშ-ში დონალდ ტრამპის მიერ Deep State-ის დამარცხებაა საჭირო.
"ყოველ საღამოს ვიძინებ იმ იმედით, რომ დილით დამხვდება კარგი სიახლე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან, რომელშიც ვართ, [ამის ნაცვლად] წავიკითხე მორიგი მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ გლობალური ომის პარტიას, რომელიც გახდა deep state-ი, ტრამპმა შეიძლება ვერ მოუგოს და თუ ასე მოხდა, ჩვენც მედგრად უნდა ვიდგეთ. გამიჩნდა კითხვა, თუ მანამდე საუბარი იყო 20 იანვარზე, მერე ითქვა, რომ შეიძლება მთლად 20 იანვარს ვერ მოხდეს ვერაფერი და ახლაა საუბარი, რომ შეიძლება საერთოდ ვერ მოუგოს ტრამპმა deep state-ს, ჩვენ მანამდე რას გვთავაზობენ?
როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ბიზნესმა როგორ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, ხელფასების გადახდა? ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა, ძალიან კარგად ვიცი, როგორ ცხოვრობენ ჩემი თანამშრომლები, საქართველოს მოქალაქეები, რა მდგომარეობაა… ვიცი, რომ როგორც კი ადამიანისთვის ხელფასის გადახდა ვეღარ ხერხდება, ის, პრაქტიკულად, მეორე დღიდან იწყებს შიმშილს, იმიტომ რომ არანაირ დანაზოგზე საუბარი არ არის. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გქონდეს, რომ ჯერ ერთ ისტორიას ყვებოდე, მერე მეორეს, მერე ცვლიდე მესამეს, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? ვართ ასე გაჩერებული და ველოდებით, როდის დასრულდება deep state-თან ბრძოლა იქ, მანამდე აქ ხალხი შიმშილობს, ეს რანაირი გამოსავალია?!" - აცხადებს რესან ქიქავა.
რესან ქიქავა აღნიშნავს, რომ მოვლენების დეესკალაციისთვის რეალურ გზად, ბიზნესის ნაწილი, ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და პროევროპული აქციების დროს დაპატიმრებულთა გათავისუფლებას ხედავს. მისი თქმით, ქვეყანა კრიზისში შედის და მთავრობამ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად რეალური, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
"ამიტომ ვამბობთ, რომ გამოსავალია ხელახალი არჩევნები. თუ რამე სხვა გამოსავალი გაქვთ, გვითხარით, რა გამოსავალია, ამაში ხელს არავინ გიშლით.
ჯერჯერობით ვხედავთ, რომ მილიარდ ლარზე მეტი დავკარგეთ დასავლური დახმარების სახით, ENKA-სთან წავაგეთ მილიარდიანი დავა და ორი მილიარდი უკვე ჩარეცხილია; როგორ ვაგრძელებთ საქმიანობას, დეკემბრის თვის შეფასებიდან გამოჩნდება და ნათელი გახდება.
ნელ-ნელა შევდივართ კრიზისში, ჯერ ახალი წლის დღეებია, რაღაც მოძრაობა არის, ვიღაც შედის მაღაზიაში დას აჩუქარს ყიდულობს, ეს ყველაფერი როდესაც გადაივლის, ყველასთვის ძალიან მძიმე პერიოდი იქნება და კონკრეტული ადამიანების აწმყოსა და მომავალს დაარტყამს.
აქ საუბარი არაა იმაზე, ერთ მხარე მოიგებს თუ მეორე. აქ საუბარია იმაზე, რომ აქციაზე ვდგავარ, მოგიწოდებ იმას, რომ დაბრუნდე კონსტიტუციაში და ის პრობლემა, რაც გაქვს საგარეო ურთიერთობების კუთხით, მოაგვარო; თუ ამას სჭირდება არჩევნები, უნდა ჩაატარო არჩევნები, თუ რამე სხვა ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, გადადგი, მითხარი, რას აპირებ. ასე, რომ "ველოდები, ტრამპი როდის დაამარცხებს deep state-ს, საბავშვო ხუმრობაა თუ რა არის?" - აცხადებს რესან ქიქავა.
20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი პირობას იძლევა Deep State-ის დამარცხების შესახებ. მისი თქმით, როდესაც ტრამპი შეერთებულ შტატებს არაფორმალური გავლენისგან გაათავისუფლებს, ეს საქართველოზეც აისახება.