პორტუგალია ველოსიპედების წარმოებით ევროპაში ლიდერი ქვეყანა გახდა. ევროპის სტატისტიკის სააგენტოს, “სტატისტას” მონაცემებით, გასულ წელს ამ ქვეყანაში 2,5 მილიონი ორბორბლიანი ტრანსპორტი შეიქმნა და თითქმის ყველა მათგანი ექსპორტზე გაიტანეს. შედეგად კი, Euronews-ის ცნობით, პორტუგალია უმსხვილეს კონკურენტად ჩამოყალიბდა ამ მიმართულებით ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის, როგორებიც იტალია და გერმანიაა.
რაც შეეხება შემოსავალს, 2018 წელს ველოსიპედების მწარმოებელმა პორტუგალიურმა წამყვანმა კომპანიამ, 3 მილიონი ევრო გამოიმუშავა. 2019 წელს - 50 მილიონი, რაც უდიდესი ნახტომი და ზრდაა. თუმცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი პანდემიისა და გარკვეული ნაწილების დეფიციტის გამო დაეცა. ასე რომ არ მომხდარიყო, სპეციალისტების გათვლებით, მხოლოდ ერთი კომპანიის შემოსავალი 36-37 მილიონ ევროს გადააჭარბებდა.
მათივე თქმით, მიმდინარე წელს გაცილებით მეტი ველოსიპედის წარმოება და კიდევ უფრო დიდი შემოსავლების მიღება შეიძლებოდა, რომ არა სწორედ ამ ნაწილების დეფიციტი.
წინასწარი პროგნოზების თანახმად, ლოჯისტიკური პრობლემა საშუალოდ 2023 წლისთვის აღმოიფხვრება, რაც ოპტიმისტური გათვლა და მომავლის იმედია დაახლოებით 8000 პორტუგალიელისთვის, რომლებიც ორთვლიანი ტრანსპორტის წარმოებაში არიან დასაქმებულები.
თავად ველოსიპედებზე მოთხოვნა კი წლიდან წლამდე იზრდება, რადგან მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ველო კულტურის განვითარებასა და ამ მხრივ ჰაერში გამონაბოლქვის შემცირებას ცდილობს. დღეს მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, რომლის მაგალითიც შესაძლოა თვალსაჩინო იყოს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ნიდერლანდების სამეფოა. ქვეყანაში ტრანსპორტირების 27% ველოსიპედით გადაადგილებაზე მოდის. ამასთან, თითოეული ჰოლანდიელი ყოველწლიურად ველოსიპედით საშუალოდ 1,000 კილომეტრ მანძილს ფარავს.