მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენახის და ქვევრის ხარისხი - რა გამოწვევების წინაშე დგანან მევენახეები და მეღვინეები?

6315f71fef86f
ვიქტორია მღებრიშვილი
05.09.22 20:00
742
საქართველოში რთველი 2022 დაიწყო. ამ დროისთვის სულ 16 994 ტონა ყურძენია ჩაბარებული, რომლის ღირებულებაც 21 624 328 ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის რთველის მიმდინარეობასა და მევენახეებისა და მეღვინეების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

მისი განცხადებით, დღეს იმისთვის რომ ქვეყანამ ხარისხიანი ღვინის წარმოება შეძლოს, მთავარ გამოწვევას ვენახების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

„თუ ავიღებთ საფრანგეთის მაგალითს მაღალი კატეგორიის ვენახებში შეზღუდვებია და 1 ჰა-ზე 5-7 ტონა მოსავალი უნდა მიიღო, თუ ამაზე მეტს იღებს ის მაღალი კატეგორიის ვერ იქნება. იგივეა ჩვენთან ქინძმარაული-ახაშნის ზონაში 10 ტონაზე მეტი მოსავლის აღება არ შეიძლება, ეს უკვე კარგი კანონმდებლური აქტია, მაგრამ ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის 10 ტონაც ბევრია. რაც უფრო ზღუდავ მოსავლიანობას მით უფრო კონცენტრირებულ და ხარისხიან ღვინოს იღებ.

მევენახეებს, რომლებიც ყურძენს ყიდიან სხვა გამოწვევები აქვთ, ხოლო მევენახე-მეღვინეებს სხვა. ხანდახან 1 ჰა-ზე მოსავლიანობა კახეთში 15 ტონაზე ადის, რაც ღვინის ხარისხს დაბლა წევს.

სუბსიდირება კი პირდაპირ ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას. ეს კი აზიანებს ყურძნისა და ღვინის ხარისხს. რთველის პერიოდში ღვინის ქარხნებთან მანქანების რიგებია, რომელთა დაჟანგებულ ძარებზე სიცხის ქვეშ წვენ გასულ ყურძენს აბარებენ, რაც ხარისხზე ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს“, - განმარტა ქურდაძემ.

მევენახე-მეღვინე თვლის, რომ სახელმწიფოს მიერ რთველის სუბსიდირებაზე გაწეული ფინანსური ძალისხმევა ვენახების გაუმჯობესებაზე უნდა მიიმართოს.

„სუბსიდირებისთვის გაწეული ძალისხმევა პირველ რიგში ვენახების ხარისხის ასამაღლებლად უნდა მიიმართოს, რამეთუ შეუძლებელია ვისაუბროთ ღვინის მაღალ ხარისხზე, თუ არ იქნება მაღალი ხარისხის ყურძენი. სამწუხაროდ ვენახების უმრავლესობა დღეს საბჭოთა პერიოდის არის, სადაც ჯიშების სიწმინდე არ არის დაცული. საბჭოთა პერიოდის ვაზს ცუდი აგროტექნიკური მეთოდით უვლიდნენ და დიდ მოსავალზე იყო გათვლილი, იგივე მეთოდით ხდება მოსახლეობაში ყურძნის მოვლა. საჭიროა ბიო მიმართულების განვითარება.

საქართველო მსოფლიოში სერტიფიცირებული ბიო ვენახების ფართობით ბოლო ადგილზეა, ამაში აზერბაიჯანი და თურქეთი გვისწრებენ, მაშინ როდესაც საქართველო ვენახების ფართობით 1 სულ მოსახლეზე საფრანგეთს უსწრებს. ვენახების რაოდენობა ისეთი არაა როგორც საქართველოში, მაგრამ საქართველოში 3 მლნ ადამიანი ცხოვრობს და ვენახების ფართობი, რომ გავყოთ რაოდენობაზე ასეთ კოეფიციენტს ვიღებთ. ეს ამერიკის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებია. შესაბამისად ვენახის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ამოსაძირკვია ე.წ. უწამლი ჯიშის ყურძენი“, - აღნიშნა „ფაფრის ველის“ ხელმძღვანელმა.

შალვა ქურდაძე ქვეყანაში ქვევრის ხარისხის პრობლემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დღეს ქვევრების გამოწვა არ ხდება, რაც მეღვინეებისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

„რაც შეეხება წარმოებას, ჩვენ ქვევრის პრობლემა გვაქვს. შემდეგ წელს შესაძლოა ესპანურ ან სლოვენურ თიხის ჭურჭელზე გადავიდე, რადგან საქართველოში გამოსაწვავი ღუმელები არ აქვთ მექვევრეებს. საბჭოთა საქართველოში 2-3 მექვევრე იყო, შემდეგ მოთხოვნა გაჩნდა და დღეს უკვე ასეულობით მექვევრეა საქართველოში, რომლებიც ქვევრის გამოწვას არ ახდენენ“, - ამბობს ქურდაძე.

მისივე ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში სეტყვებმა და შემდგომში კი გვალვამ ყურძნის ხარისხზე დიდი გავლენა იქონია. ამან კი შეიძლება შეამციროს როგორც მოსავლის ხარისხი, ასევე მისი მოცულობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები