მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენესუელამ ნორვეგიაში საელჩო დახურა - არაოფიციალური მიზეზი ნობელის პრემიაა

მარია კორინა მაჩადო

ვენესუელას ხელისუფლებამ ნორვეგიაში საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურმა კარაკასმა მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ნობელის ნორვეგიის კომიტეტმა მშვიდობის დარგში პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადასცა. როგორც მადუროს მთავრობაში აცხადებს, გადაწყვეტილების მიზეზი “სტრატეგიული რესურსების დაზოგვაა”. საუბარია იმ ხარჯებზე, რომლებიც ნორვეგიაში საელჩოს შენახვას დასჭირდებოდა, თუმცა ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ვენესუელას ეს ნაბიჯი უკმაყოფილებით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ იმავე მოტივით საგარეო საქმეთა სამინისტრომ საელჩო ავსტრალიაშიც დახურა.

სანაცვლოდ, იგეგმება საელჩოების ორ აფრიკულ ქვეყანაში, ბურკინა ფასოსა და ზიმბაბვეში გახსნა. საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც გაეროში ვენესუელას აქტიურად უჭერენ მხარს და აფრიკაში რუსეთის ახლო მოკავშირეებად განიხილებიან. ნორვეგიასა და ავსტრალიაში საელჩოების დახურვის მიუხედავად, საკონსულოები საქმიანობას გააგრძელებენ, თუმცა ისინი სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების დახმარებით იმოქმედებენ.

ვენესუელას მოქმედი ხელისუფლების განცხადებას ოფიციალური ოსლო უკვე გამოეხმაურა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა და მადუროს მთავრობას მეტი დაფიქრებისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა. პარალელურად, განცხადება გამოაქვეყნა ნობელის ნორვეგიის კომიტეტმა, რომელმაც განმარტა, რომ იონას გარ სტურის მთავრობას მათ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, ნობელის ნორვეგიის კომიტეტმა მშვიდობის დარგში პრემია გასული კვირის მიწურულს, 10 ოქტომბერს ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადასცა. მიღებული გადაწყვეტილებისა და, თავად, პოლიტიკოსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები