ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო ხუთშაბათს თეთრ სახლს ესტუმრა. მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საჩუქარი მიუტანა, რომელზეც CNN წერს, რომ ეს უკანასკნელი დიდი ხანია ნატრობდა.
მაჩადომ, რომელიც ნიკოლას მადუროს რეჟიმის აქტიური კრიტიკოსია, პრემია გასულ წელს დემოკრატიისთვის ბრძოლაში მიიღო.
ტრამპის განცხადებით, მისთვის დიდი პატივი იყო მაჩადოსთან შეხვედრა და აღნიშნავს, რომ მან მის მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადასცა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა. ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა. მარიამ ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა. ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია“, – წერს ტრამპი.

ოსლოში ბაზირებულმა ნობელის მშვიდობის ცენტრმა მალევე განმარტა, რომ პრემიის გადაცემა ან გასხვისება შეუძლებელია. „მედალმა შეიძლება შეიცვალოს მფლობელი, მაგრამ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ტიტული არ გადაეცემა“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
რაც შეეხება მაჩადოს თეთრ სახლში ვიზიტს, მაჩადოს ვიზიტის მსვლელობისას თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი ელოდა მაჩადოსთან შეხვედრას, თუმცა კვლავაც ინარჩუნებდა თავის "რეალისტურ" შეხედულებას, რომ ამ ეტაპზე მაჩადოს არ აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საკმარისი მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის 2025 წლის 10 ოქტომბრის განცხადებით, მას ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, მარია კორინა მაჩადომ დაურეკა და უთხრა, რომ პრიზის მის პატივსაცემად აიღო - ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თეთრმა სახლმა გააკრიტიკა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ კომიტეტმა "მშვიდობას პოლიტიკა არჩია".
10 ოქტომბერს ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელა. 2025 წელს ეს ჯილდო მარია კორინა მაჩადოს ერგო. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, მას ჯილდო ვენესუელას მოსახლეობის დემოკრატიული უფლებების დაუღალავი დაცვისა და დიქტატურიდან დემოკრატიულ მართვის მოდელზე ქვეყნის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაყვანისთვის ბრძოლაში გადაეცა.
ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო, რომელმაც ქვეყანა სარისკო გზით, ზღვის გავლით დატოვა, პარალელურად ვენესუელის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში აშშ-მა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავა და იძულებით აშშ-ში გადაიყვანა, ოპოზიციის წარმომადგენლები, დიასპორის წევრები და პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყება.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ყურადღება ვენესუელის ნავთობის აშშ-ისთვის ხელმისაწვდომობასა და ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენაზეა კონცენტრირებული. Reuters-თან 14 იანვარს მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ვენესუელის დროებით ლიდერთან თანამშრომლობა „კარგად მიდის“. ამ ფონზე, როდრიგესი აცხადებს, რომ ვენესუელაში ნავთობის მრეწველობის რეფორმირების გეგმას წარადგენს.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაჩადოს მონაწილეობა ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ აუკრძალა, რომელიც მადუროს მოკავშირეებით იყო დაკომპლექტებული. გარე დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით ედმუნდო გონზალესმა გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელსაც მაჩადო უჭერდა მხარს, თუმცა მადურომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ძალაუფლება შეინარჩუნა.
ბოლო დღეებში ვენესუელის ხელისუფლებამ ათობით პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, თუმცა უფლებადამცველები და გარე ჯგუფები აცხადებენ, რომ კარაკასი გათავისუფლების პროცესს მასშტაბებს გადაჭარბებულად წარმოაჩენს.




























