ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო 5 იანვარს საგანგებო სხდომას გამართავს. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, 15-წევრიანი საბჭოს შეხვედრის მოწვევის მოთხოვნით კოლუმბიამ მიმართა, ინიციატივას კი მხარს რუსეთი და ჩინეთი უჭერენ.
გაეროს უშიშროების საბჭო შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით უკვე ორჯერ შეიკრიბა ოქტომბერსა და დეკემბერში.
3 იანვარს გაერომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში „ღრმად შეშფოთებულია ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული ესკალაციით“. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატების ქმედებები „სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს“.
გუტერეშის პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის თქმით, გენერალური მდივანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაზე.
„ის ღრმად შეშფოთებულია, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ არის დაცული“, – განაცხადა დიუჟარიკმა.
საგანგებო სხდომაზე უშიშროების საბჭოს წევრები ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს, რეგიონულ უსაფრთხოებაზე შესაძლო გავლენას და საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხებს განიხილავენ.




























