ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა ამნისტიის კანონპროექტი დააანონსა, რომლითაც, შესაძლოა, ასობით პატიმარი გათავისუფლდეს.
"გადავწყვიტეთ, დავაჩქაროთ საყოველთაო ამნისტიის კანონი, რომელიც პოლიტიკური ძალადობის მთელ პერიოდს მოიცავს - 1999 წლიდან დღემდე", - განაცხადა როდრიგესმა პარასკევს.
მოსამართლეებთან, მინისტრებთან, სამხედრო მაღალჩინოსნებთან და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე საუბრისას, დროებითმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ასამბლეა ამნისტიის კანონპროექტს სასწრაფო წესით განიხილავს.
როდრიგესმა ასევე დააანონსა კარაკასში მდებარე სპეცსამსახურების ცნობილი ციხის, "ელ-ელიკოიდეს" (El Helicoide) დახურვა, სადაც დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები აღრიცხეს.
მისი თქმით, "ელ-ელიკოიდე" სპორტულ, სოციალურ და კულტურულ ცენტრად გადაკეთდება მიმდებარე უბნების მცხოვრებლებისთვის.
ვენესუელაში მოქმედი პატიმართა უფლებების დამცველი ჯგუფის, Foro Penal-ის შეფასებით, პოლიტიკური საქმიანობის გამო ქვეყნის მასშტაბით საპატიმროებში 711 ადამიანი იმყოფება. ჯგუფის ცნობით, მათგან 183-ს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს.
Foro Penal-ის გათვლებით, როდრიგესის მთავრობამ აშშ-ის მიერ მადუროს გატაცების შემდეგ 302 პატიმარი გაათავისუფლა.
ოჯახები და უფლებადამცველები დიდი ხანია ითხოვენ, რომ პოლიტიკურ პატიმრებს ბრალდებები და განაჩენები გაუუქმონ.
მთავრობის წარმომადგენლები - რომლებიც უარყოფენ პოლიტიკური პატიმრების არსებობას და აცხადებენ, რომ დაკავებულებს სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი - იუწყებიან, რომ ციხეებიდან 600-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა. თუმცა, ისინი ზუსტ ვადებს არ აკონკრეტებენ და, როგორც ჩანს, სტატისტიკაში გასულ წლებში გათავისუფლებულ პატიმრებსაც გულისხმობენ.




























