მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენესუელისთვის სანქციების მოხსნა, შესაძლოა, მომავალ კვირას დაიწყოს - ბესეტი

სკოტ ბესენტი

აშშ-მ შესაძლოა ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებული დამატებითი სანქციების ნაწილი უკვე მომავალ კვირას მოხსნას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს Reuters აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განუცხადა.

ბესენტმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებს შეხვდება, რათა ვენესუელასთან ამ ორგანიზაციების თანამშრომლობის აღდგენის საკითხი განიხილოს.

ხაზინის მდივნის განმარტებით, ვენესუელის კუთვნილი, ამჟამად გაყინული დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების IMF-ის სარეზერვო აქტივები შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას მოხმარდეს.

კითხვაზე, როდის შეიძლება მოიხსნას დამატებითი სანქციები, მან უპასუხა: „ეს შეიძლება უკვე მომავალ კვირას მოხდეს“.

„ჩვენ ვხსნით სანქციებს იმ ნავთობზე, რომელიც უნდა გაიყიდოს“, - განაცხადა ბესენტმა კომპანია Winnebago Industries-ში ვიზიტისას. მისი თქმით, ხაზინა მუშაობს იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ტანკერებზე დასაწყობებული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული თანხების ვენესუელაში დაბრუნებას.

„როგორ დავეხმაროთ ამ თანხების ვენესუელაში დაბრუნებას, რათა მათ შეძლონ მთავრობისა და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფა და რესურსების ხალხამდე მიტანა?“ - აღნიშნა ბესენტმა სანქციების ანალიზის პროცესზე საუბრისას.

ეს ნაბიჯები ტრამპის ადმინისტრაციის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ვენესუელაში ვითარების სტაბილიზაციასა და ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიების ქვეყანაში დაბრუნებას ისახავს მიზნად. პროცესები მას შემდეგ დაჩქარდა, რაც ერთი კვირის წინ აშშ-ის ძალებმა ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო კარაკასში დააკავეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს, სადაც მას ნარკოტრაფიკში ედება ბრალი.

პარალელურად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრედიტორებს აშშ-ის ანგარიშებზე არსებული ვენესუელის ნავთობის შემოსავლების დაყადაღებას უკრძალავს. ტრამპის თქმით, ეს სახსრები დაცული უნდა იყოს ვენესუელაში „მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის“ შესაქმნელად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები