მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვენესუელური ნავთობის გაყიდვები მომდევნო თვეებში $5 მილიარდს მიაღწევს” - აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი

კრის ვრაითი

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრის, კრის ვრაითის განცხადებით, მომავალი თვეების განმავლობაში ვენესუელური ნავთობის გაყიდვები $5 მილიარდს მიაღწევს.

როგორც მინისტრი ამბობს, ნიკოლას მადუროს დაკავებისა და ამერიკული Chevron-ისთვის საქმიანობის სრულფასოვნად განახლების უფლების მიცემის შემდეგ ექსპორტზე $1 მილიარდის ნავთობი გავიდა, საიდანაც თავისი წილი ოფიციალურმა კარაკასმაც მიიღო. არსებული ინფორმაციით, ამჟამად ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ვენესუელური ნავთობი გადასამუშავებლად ჩადის, ეს ამერიკის შეერთებული შტატები და იქაური გადასამუშავებელი ქარხნებია.

ვრაითის განმარტებით, ეს პოლიტიკა იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება და მოსახლეობა დემოკრატიულ არჩევნებში ახალ მმართველ პარტიას არ აირჩევს. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ პროცესი 2028 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაიწელოს, რათა იქამდე ამერიკული ინტერესები სრულად იქნეს უზრუნველყოფილი, მოქმედმა ადმინისტრაციამ კი ვითარების კონტროლი ბოლომდე შეძლოს. ამასთან, შეუწყოს ხელი ამერიკული ნავთობკომპანიების წარმატებით დაბრუნებასა და ამოქმედებას.

ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამჟამად, ყოველდღიურად ვენესუელადან შტატებში 1 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტირება ხდება, წლის ბოლომდე კი ამ მაჩვენებლის 40%-ით, 1.4 მილიონამდე გაზრდა სურთ. ნავთობგიგანტმა Chevron-მა უკვე დააანონსა, რომ მომდევნო 18 თვის განმავლობაში ვენესუელაში მოპოვების სამუშაოებს გააორმაგებს, 5 წლის თავზე კი - გაახუთმაგებს. რაც შეეხება მის კონკურენტ ენერგოგიგანტ Exxon Mobil-ს, როგორც კრის ვრაითი აცხადებს, მისმა ხელმძღვანელობამ ბოლო კვირებში შესაძლო დაბრუნებისთვის აქტიური მზადება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე Exxon-ი ვენესუელაში რეინვესტირებასა და ნავთობის მოპოვების ხელახლა დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავდა. აღმასრულებელმა დირექტორმა, დარენ ვუდსმა პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში განუცხადა, რომ ვენესუელაში ფულის ჩადება შეუძლებელი იქნებოდა იმ მრავალი რისკის გათვალისწინებით, რაც არსებულ პოლიტიკურად ტურბულენტურ ვითარებასთან იყო დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები