ვენეციის კომისია აქვეყნებს შეფასებას „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიზე“ [FARA], გრანტების კანონში შესულ ცვლილებებსა და ყველა იმ კანონზე, რომელიც "უცხოურ გავლენას" ეხება.
ვენეციის კომისიის განცხადებით, მათ მოსაზრების მომზადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა სთხოვა.
გრანტების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით უცხოური ორგანიზაციების მიერ გაცემულ გაცემულ გრანტებს მთავრობის მხრიდან დადასტურება სჭირდება. 2025 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.
ახალი წესით, დონორებმა საგრანტო ხელშეკრულება მთავრობის უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი დაევალა ანტიკორუფციულ ბიუროს.
ვენეციის კომისია წერს, რომ გრანტების კანონში შესულ ცვლილებებს, რომლითაც მთავრობისგან ნებართვის მიღება ხდება საჭირო, არ გააჩნია საკმარისი დასაბუთება, მკაფიო უარის თქმის კრიტერიუმები და ეფექტური დაცვის მექანიზმები, რაც თვითნებური აღსრულების შესაძლებლობას ტოვებს.
ანტიკორუფციული ბიუროს ფართო საგამოძიებო უფლებამოსილება მათ შორის, დაუყოვნებლივი ჩამორთმევის უფლება, რასაც ემატება მკაცრი პროცედურული ვადები და სანქციები, საფრთხეს უქმნის სამართლიან პროცესს. აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა კანონში შესული ცვლილებების გაუქმება ან საფუძვლიანად გადახედვა აუცილებლობისა და პროპორციულობის უზრუნველსაყოფად.
ე.წ FARA-ს ქართულ ვერსიაზე, რომელიც "ქართული ოცნების" პარლამენტმა 2025 წლის აპრილში მიიღო, ვენეციის კომისია წერს, რომ საერთო ჯამში, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიერ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცესა და დემოკრატიულ თავისუფლების ძირის გამოთხრის რისკებს ქმნის. კომისიის განცხადებით, უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პარალელურად მიღებული FARA დამატებით გაურკვევლობას ქმნის. კომისიის რეკომენდაცია FARA-ს გაუქმებაა.
რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს, ვენეციის კომისია საკუთარ შეფასებაში წერს, რომ მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღება საერთოდ ეკრძალებათ და კანონი არ განასხვავებს დაფინანსებას, რომელიც ნამდვილად საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მთლიანობას, იმისგან რომელიც მხარს უჭერს ლეგიტიმურ ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობას. კომისიის შეფასებით, კანონი ძირს უთხრის პლურალიზმს და არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. მათი რეკომენდაცია ამ ცვლილებების გაუქმებაა.




























