მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენეციის კომისია "ოცნების" მიერ პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს

სს

ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტები ნაჩქარევად იქნა მიღებული, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე, რაც „ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმაციას, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური მიტინგების ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით“.

კომისიის შეფასებით, კანონშემოქმედებითი პროცესი ფუნდამენტურად ხარვეზიანი იყო.

"ცვლილებებით, ახალი წესები უამრავ ბუნდოვან დებულებას შეიცავს, რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს მათ გამოყენებაში. კანონმდებლობაში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. მეტიც, ცვლილებებში არ არის სათანადოდ დასაბუთებული სხვადასხვა შემაკავებელი ზომის შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა", - წერია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ასევე წერს, რომ ახალი მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, გადაჭარბებულია.

დასკვნაში ასევე საუბარია ჯარიმებზე, რაზეც წერია, რომ იგი უნდა იყოს დაბალი, დანაშაულის პროპორციული.

"ჯარიმები ისეთ წვრილმან დარღვევაზე, რითაც საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგება, უნდა იყოს შესაბამისად დაბალი და იგივე, როგორიც არის სხვა ისეთ წვრილმან დარღვევებზე, რომლებიც შეკრებასთან დაკავშირებული არაა", - წერია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ საუბარია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში 2024 წლის 13 დეკემბერს და 2025 წლის 6 თებერვალს მიღებულ ცვლილებებზე, რის საფუძველზეც აქციის მონაწილეებს აეკრძალათ სახის დაფარვა და ლაზერის ტარება, გაიზარდა შეკრების ან მანიფესტაციის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები, 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, სპონტანური შეკრების დროს სავალდებულო გახდა თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები