აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მტკიცებით, ირანმა თავისი 10-პუნქტიანი წინადადებების სამი განსხვავებული ვერსია გაგზავნა, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, "ChatGPT-ის მიერ იყო დაწერილი".
ვენსის განმარტებით, ირანის სამმა სხვადასხვა წინადადებამ დაბნეულობა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს მოლაპარაკებების საფუძველს.
"პირველი 10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც წარადგინეს - და ვფიქრობთ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ალბათ ChatGPT-ის მიერ იყო დაწერილი - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს მიეწოდათ, ის კი მაშინვე სანაგვეში აღმოჩნდა და უარყოფილ იქნა.
იყო მეორე 10-პუნქტიანი წინადადებაც, რომელიც ბევრად უფრო გონივრული იყო და ეფუძნებოდა ჩვენ, პაკისტანელებსა და ირანელებს შორის გარკვეულ აზრთა გაცვლა-გამოცვლას. სწორედ ეს 10-პუნქტიანი წინადადება იგულისხმა გუშინ პრეზიდენტმა თავის Truth Social-ის პოსტში", - განაცხადა მან.
მისი თქმით, წინადადების მესამე ვერსია პირველზე კიდევ უფრო "მაქსიმალისტური" იყო და ამ დოკუმენტის შესახებ მან სოციალური მედიიდან შეიტყო.
როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, საწყისი წინადადება "ირანში ვიღაც შემთხვევითი უცნობისგან" მოდიოდა. მან ასევე უარყო მტკიცება, თითქოს ირანმა დიდ გამარჯვებას მიაღწია და შეერთებული შტატები აიძულა, მოლაპარაკებების საფუძვლად მისი 10-პუნქტიანი გეგმა მიეღო.
ვენსმა ირანს მოუწოდა, არ დაუშვას მყიფე სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა ლიბანზე ისრაელის თავდასხმების გამო.
ვინაიდან ირანის პრეზიდენტმა ლიბანში ზავი ახლო აღმოსავლეთის ომის დასრულების მთავარ პირობად დაასახელა, ვენსმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, აქ "ლეგიტიმურ გაუგებრობას" ჰქონდა ადგილი.
"ვფიქრობ, ირანელებს ეგონათ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩვენ მსგავსი დაპირება არასდროს გაგვიცია. თუ ირანს სურს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს ლიბანის გამო, რომელთანაც მათ არანაირი კავშირი არ აქვთ და რომელიც შეერთებულ შტატებს არც ერთხელ არ უხსენებია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილად, ეს საბოლოო ჯამში მათი არჩევანია," - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს აშშ და ირანი ორკვირიან ზავზე შეთანხმდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის მასშტაბით თავდასხმების ესკალაციის გეგმების შეჩერება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღო, რაც "მოლაპარაკებებისთვის სამუშაო საფუძველს" წარმოადგენს.
რას გულისხმობს ირანის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და დათანხმდება თუ არა მას აშშ?




























