მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ დასტურდება ხულოს მერიის მიერ 95,523 ლარის საწვავის მიზნობრივი ხარჯვა - აუდიტი

63e748ae0f201
თელარა გელანტია
11.02.23 12:18
911
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხულოს მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.შესაბამისობის აუდიტმა მოიცვა მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში − 31,592,877 ლარი. ხულოს მუნიციპალიტეტის ფართობია 710 კვ/კილომეტრი, რომელიც 13 ადმინისტრაციულ ერთეულადაა დაყოფილი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხულო.  

როგორ ანგარიშიდან ირკვევა, აუდიტის შედეგად არაერთი ნაკლოვანება გამოვლინდა. ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. BMG-ზე კი, შეგიძლიათ გაცენოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ გაიცა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ინფრასტრუქტურული პროექტები

ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული პროექტების სათანადო დაგეგმვა-განხორციელება. შედეგად მიღებულია არასათანადოდ შესრულებული და შეჩერებული 1,882,968 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო შესყიდვის ანგარიშების არასათანადო ფორმით წარდგენის გამო, ვერ მოხერხდა 6,972,197 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისათვის გამოყენებული რესურსების იდენტიფიცირება და დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენა. ამასთანავე, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების შესახებ, შემსრულებელ კომპანიებზე გაგზავნილი შვიდი მოთხოვნიდან, სამ შემთხვევაში რეგირება არ განხორციელებულა, ხოლო ოთხ შემთხვევაში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული.

მუნიციპალური აქტივების მართვა

აქტივების მართვის ხარვეზები - ხულოს მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 41,112,118 ლარის ღირებულების აქტივებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ არ არის აღრიცხული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივები და არ ხდება მათი გამოყენების სათანადო მონიტორინგი, რის შედეგად უცნობია მათი მდგომარეობა და განთავსების ადგილი.

ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებული ხარვეზი - მერიაში ქონების მართლზომიერ გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტების დროულ გამოვლენას და არ ხორციელდება სათანადო რეაგირება, რაც უარყოფითად აისახება საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შედეგებზე. ამასთანავე, საიჯარო ხელშეკრულებების შესაბამისად განსაზღვრული გადასახდელი თანხები ბუღალტრულად არ არის აღრიცხული.

შრომის ანაზღაურება

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. ამასთანავე, გამოვლინდა შრომის ანაზღაურების სახით 2,819 ლარის ზედმეტად გაცემის ფაქტები.

ტრანსპორტის ხარჯები

ტრანსპორტის ხარჯების ნაკლოვანებები - საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას, რის გამოც 2020-2021 წლებში, ჯამში − 95,523 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება; ასევე არ არის დარეგულირებული მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენა-შესრულება

ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენა-შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული რიგი პროგრამებით ვერ დგინდება შედეგებისა და მიზნის მისაღწევად დახარჯული რესურსების ურთიერთკავშირი. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში პროგრამების ფარგლებში, ბენეფიციართა გამოვლენის მიზნით შექმნილი შიდა კონტროლის მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციართა შეფასებას/შერჩევას.

დასუფთავების მოსაკრებელი

მოსაკრებლების ადმინისტრირების ხარვეზები - ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ სრულად არ არის აღრიცხული დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა რაოდენობა. შედეგად, არ ხორციელდება გადასახადის ადმინისტრირება.
შიდა კონტროლის სისტემა

შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემები სრულად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, აუდიტის სამსახურმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისთვის 8 რეკომენდაცია გასცა:

რეკომენდაცია N1:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც პრეტენდენტთა ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობების განსაზღვრითა და შესაძლო ხელშემშლელი ფაქტორების გათვალისწინებით, შეიმუშავებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხოლო მის განხორციელებაზე სათანადო მონიტორინგის დაწესებით, უზრუნველყოფს პროექტების დადგენილ ვადაში ხარისხიან შესრულებას. ამასთანავე, მიზანშეწონილია ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვის დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნეს ლოკალურ-რესურსული მეთოდით.

რეკომენდაცია №2:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო ქონების ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად ჩაატაროს აქტივებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, შეიმუშაოს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც არსებული, ასევე მუნიციპალური ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივების შეფასებას, ბალანსზე ასახვასა და მართლზომიერ გამოყენებას. ამასთანავე, მოიპოვოს სრული ინფორმაცია აქტივების მდგომარეობისა და განთავსების ადგილის შესახებ და განახორციელოს სათანადო რეაგირება.

რეკომენდაცია №3:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სათანადო მონიტორინგის საფუძველზე დროულად გამოავლენს მუნიციპალიტეტის ქონების თვითნებურად გამოყენებისა და საიჯარო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ფაქტებს და უზუნველყოფს სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, ბუღალტრულად აღრიცხოს საიჯარო ხელშეკრულებებით განსაზღვრული გადასახდელი თანხები.

რეკომენდაცია №4:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც მუნიციპალიტეტის საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავს მუშაკთა ოპტიმალურ რაოდენობას. ამასთანავე, საბიუჯეტო რესურსის რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, სათანადოდ აღირიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი საათები და აღრიცხვის სისტემის მონაცემების გათვალისწინებით, განხორციელდეს შრომის ანაზღაურების დარიცხვა, განიხილოს შრომის ანაზღაურების თანხების ზედმეტად გაცემის ფაქტები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №5:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოვლა- შენახვის ხარჯების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალურ რაოდენობას და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №6:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიზნების მისაღწევი შედეგების და შეფასების ინდიკატორების შემუშავება, რომელთა საშუალებით მკაფიოდ წარმოჩნდება შედეგებსა და მიზნის მისაღწევად დახარჯულ რესურსებს შორის ურთიერთკავშირი, რაც შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების უმთავრესი მიზანია; ამასთანავე შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის განმცხადებელთა ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას და არგუმენტირებული შეფასებების საფუძველზე განახორციელებს ბენეფიციართა შერჩევას.

რეკომენდაცია №7:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრული ბაზის შექმნას, გადამხდელთა მონაცემების გათვალისწინებით განსაზღვრავს გადასახდელ თანხებს და განახორციელებს სათანადო მონიტორინგს მათი გადახდის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაცია №8:

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას, ანალიზსა და შეფასებას; ამასთანავე, შიდა აუდიტის სამსახურმა აუდიტის თემების შერჩევის დროს ყურადღება გაამახვილოს მაღალი რისკის შემცველი საკითხების შესწავლაზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების ეფექტიან მონიტორინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები