მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ დავადასტურებ, რომ "დინამო არენა" შეიძლება ამორტიზებულად ჩაითვალოს - რომან ფიფია

დინამო თბილისი

თბილისის დინამოსპრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებით, ვერ დაადასტურებს, რომ "დინამო არენა" შესაძლოა ამორტიზებულად ჩაითვალოს.

რომან ფიფიას კომენტარს, სადაც ის „დინამო არენას“ მდგომარეობის და ერთა ლიგის თამაშების შესახებ საუბრობს, სპორტული საინფორმაციო პორტალი Croco.ge ავრცელებს.

რომან ფიფია აღნიშნავს, რომ იყო და კიდევ იქნება შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციასთან, მხოლოდ მე-2 იარუსით სარგებლობის შესახებ, რომელიც 41 000 მაყურებელს იტევს, თუმცა ფიფია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა.

„ქონება მერიის საკუთრებაა. დინამო თბილისს შეუძლია ჩაატაროს ექსპერტიზა. 2015 წლიდან მოყოლებული, რაც კი გაკეთებულა დასკვნები, არც ერთი არ საუბრობდა იმაზე, რომ ამორტიზებულობასთან რაღაც საერთო არსებობდა. შეიძლება იყოს კითხვის ნიშნები პირველ იარსუთან, მე ერთ-ერთ ინტერვიუში ესეც ვთქვი, შე-7 და მე-8 სექტორებიდან გამომდინარე, შეძლება ვიღაცამ მთლიანად შეხედა ხიფათის თვალით ამ პირველ იარუსს. მეორე იარუსი აბსოლუტურად დამოუკიდებელია პირველი იარუსიდან, იტევს 41 000 მაყურებელს. ჩვენ შევთავაზეთ და კიდევ შევთავაზებთ ფეხბურთის ფედერაციას ამ 41 000 ათასს, თუმცა ვიმეორებ, რომ დღეს, სამყაროში ამაზე ძველი სტადიონებიც ფუნქციონირებს. ეს ცოცხალი ორგანიზმია, სტადიონზე ხალხი დადის და შეკეთებები ყოველთვის სჭირდება, მაგრამ მე ვერ დავადასტურებ, რომ დინამო არენა შეიძლება ჩაითვალოს როგორც ამორტიზებული.

მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი პრემიერი. გამოვდივარ იქიდან, ჩემს ხელთ რა საბუთებიც იყო დღემდე. არც ერთი საბუთი არ მოწმობს იმას, რომ თუნდაც პირველი იარუსი არის ამორტიზებული.

ჩვენ ისევ გამოვრიცხავთ პირველ იარუსზე ხალხის დაჯდომას, იმიტომ რომ არ იყოს ამაზე საუბრები. ჩვენ არ ვართ ექსპერტები. თუნდაც პირველი იარუსის დეტალურ ექსპერტიზას მინიმუმ ორი თვე სჭირდება. ეს დრო მაინც არაა საკმარისი, რომ ამ თამაშებამდე მოესწროს. ამიტომ ვსაუბრობ 41 000-ზე, რომელსაც ექსპერტიზა არ სჭირდება. ეს ფეხბურთის ფედერაციის ასარჩევია, სად ითამაშებენ, მათი პრეროგატივაა. ჩვენ შევთავაზეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ აქ იყოს“,- განაცხადა რომან ფიფიამ.

შეგახსენებთ, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ რომ ამორტიზებულია, ამის შესახებ ინფორმაცია პირველად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააჟღერა. საკითხი განხილვის საგანი სწორედ ამის შემდეგ გახდა. მან 29 ივლისს, ახალი სტადიონის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ "დინამოს" სტადიონი, ამორტიზებულია და მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. პრემიერმა აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება. საგულისხმოა, რომ პრემიერმა 4 თვის წინ, ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ახალი, 70 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა დააანონსა.

7 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ჩეხეთს, „დინამო არენას“ ნაცვლად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. "დინამო არენა" UEFA-ს ერთა ლიგის თამაშების ჩატარებისთვის მზად იყო, თუ 55 000-მდე ტევადობის სტადიონზე 41 000 მაყურებელი დაიშვებოდა. სტადიონის ნაწილობრივ გამოყენება მიუღებელია ფეხბურთის ფედერაციისთვის. "პირველ არხთან" ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განმარტა, რომ თუ პრობლემა დროულად იქნება აღმოფხვრილი და „დინამოს“ ადმინისტრაცია დაადასტურებს, რომ სტადიონის სრულად გამოყენება იქნება შესაძლებელი, ფედერაცია მზადაა, ალბანურ მხარესთან სტადიონის შეცვლა შეათანხმოს და „მიხეილ მესხიდან“ „დინამო არენაზე“ გადაიტანოს ალბანეთთან შეხვედრა, რომელიც ოქტომბერში იგეგმება.

"ამორტიზებული, მდგრადობის შესაძლო პრობლემით" - რა დაემართა "დინამო არენას" 4 თვეში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები