მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ მივაგენით ამ თანხის შინაარსს" - კობახიძე აშშ-ს მხრიდან $95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზე

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ გლობალურ ომის პარტიაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას დიდი გავლენა აქვს აშშ-ში, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აშშ-სთან გაუარესებული ურთიერთობის და მეთიუ მილერის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ამასთან, კობახიძე აშშ-ს მიერ საქართველოსთვის $95-მილიონიანი დახმარების შეჩერებას ასევე გლობალურ ომის პარტიას უკავშირებს. ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ ამ თანხის შინაარსს ვერ მიაგნო.

„გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან სერიოზული გავლენა კონკრეტულ სტრუქტურებზე, მათ შორის აშშ-ში, სამწუხაროდ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტზე და შესაბამისად, ჩვენ გვესმის ასეთი გზავნილები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ეს გავლენები მომავალი წლიდან შესუსტდება. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და მთავარია, ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა. გვესმის პოზიტიური გზავნილები უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხედავთ, რა მდგომარეობაა ეს ქვეყანა.

რაც შეეხება $95 მილიონს, ჩვენ ვერ მივაგენით ამ თანხის შინაარსს, რა $95 მილიონზეა საუბარი ვერ მივაგენით. დანარჩენი არ ვიცი, შეიძლება თავად განმარტონ“,- თქვა კობახიძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა უახლეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს". მან ასევე თქვა, რომ შემაშფოთებელია ე.წ რუსული კანონის აღსრულება, იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც რეესტრში ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდნენ. სანქციებზე საუბრისას მან დამატებითი ზომების მიღება არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ აშშ-მა შეაჩერა $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები