საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე უარგუმენტო განცხადებები მისი მიღების გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი ვერ გახდება.
ასე გამოეხმაურა კობახიძე ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებებს, რაც "რუსულ კანონს" შეეხება.
„რაც შეეხება ევროპელ და ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადებებს - სამწუხაროა, რომ არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი. თქვენ ნახეთ სტოლტენბერგის, შოლცის განცხადებები, დღეს გავრცელდა კიდევ განცხადებები, მათ შორის დიპლომატის, რომელიც საქართველოში მუშაობს. არც ერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი, 0 არგუმენტი აქვთ. შეგვიძლია ერთად გავარჩიოთ ტექსტები - არგუმენტი აქვთ ნული. რა ნაწილში? რომელ მუხლში? რატომ? არგუმენტი არ აქვთ. ასეთ პირობებში შესაბამისი განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ყველას სთავაზობს კიდევ ერთხელ ღია დისკუსიას, მათ შორის დიპლომატებს.
"თუ ელჩებს სურთ, იყვნენ პოლიტიკური დებატების ნაწილი, ყველამ კეთილი უნდა ინებონ და საზოგადოების თანდასწრებით, ღია დისკუსიაში ჩაერთონ. ჩემი წინადადება რჩება ძალაში. საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო. ვერავის მივცემთ უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს, ამას ვამბობ როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი“, - თქვა მან.