მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ მივედით იქამდე, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური იყოს" - თამაზ დაუშვილი

თამაზ დაუშვილი

ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლებში უწყვეტი და მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური მაინც არ არის და ვერ ხერხდება ის, რომ კეთილდღეობა რაც შეიძლება მეტ ადამიანზე განაწილდეს.

"ერთი მხრივ, გვაქვს უწყვეტი ეკონომიკური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის ორნიშნაც, თუმცა ჩნდება კითხვა რატომ არ აისახება ეს მოსახლეობასა და მათ მსყიდველობით უნარზე?! ჩვენმა ეკონომიკამ არა მხოლოდ ახლა, არამედ უკვე დიდი ხანია ვერ მიაღწია იმ ნიშნულს, რომ იყოს ინკლუზიური და შექმნილი სიკეთე რაც შეიძლება მეტ ადამიანზე განაწილდეს. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ეკონომიკის მხოლოდ ორ-სამ ქალაქში კონცენტრაციაა", - განაცხადა დაუშვილმა "ანალიტიკაში".

მან ასევე ისაუბრა სახელმწიფოს როლზე ეკონომიკაში და თქვა, რომ ზომიდან გამომდინარე, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დიდი ბიუროკრატია ჰყავდეს.

"რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ეკონომიკაში, ამ საკითხზე დავა დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დიდი სახელმწიფო აპარატი გვქონდეს. პირადად მე არაფერს ვერჩი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (სსიპ-ებს), თუმცა გულდასაწყვეტია, როდესაც კონკრეტული უწყების ბიუჯეტს აცხადებენ და აცნობიერებ, რომ მაგალითად, შენი კომპანიის ნახევარი წლის განმავლობაში გადახდილი გადასახადები მხოლოდ ერთი ახლად შექმნილი სსიპ-ის შენახვას ხმარდება. ეს არ არის სახელმწიფო სახსრების ეფექტური ხარჯვა. მით უმეტეს, დღევანდელ ციფრულ ეპოქასა და ხელოვნური ინტელექტის (AI) სამყაროში, უამრავი სერვისის განხორციელება გაცილებით სწრაფად, ნაკლები ხარჯითა და მეტი ეფექტურობით არის შესაძლებელი. ამის საუკეთესო მაგალითი ესტონეთია, რომელიც ციფრული სერვისების მიმართულებით კვლავ ლიდერია როგორც პოსტსაბჭოთა, ისე ევროპულ სივრცეში. მე სიამოვნებით გავივლიდი კონსულტაციას ნებისმიერ ესტონელ ბიზნესის წარმომადგენელთან იმის გასაგებად, თუ როგორ მიაღწიეს სახელმწიფოსთან ისეთ თანაცხოვრებას, რომელმაც ქვეყანა წინ წასწია, განავითარა და მოსახლეობის ცხოვრების დონე საგრძნობლად ამაღლდა", - განაცხადა დაუშვილმა და დასძინა, რომ ეს მისი პირადი აზრია და კომპანიის პოზიციას არ გამოხატავს, ასევე გადაცემაში მონაწილეობა კომპანიას არ უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები