საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ ბაკო ხელაძის პროგნოზით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ირანში [საომარი მოქმედებები] 4-5 კვირაში დასრულდეს, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივარაუდა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ თუ ირანის ხელისუფლებაში მოიძებნება „გავლენიანი და მოლარაკებისუნარიანი პირი“, რომელიც აშშ-ისრაელს დაელაპარაკება, სამხედრო ოპერაციის დასრულება შესაძლებელია.
ბაკო ხელაძე, რომელიც 2020-2022 წლებში ირანში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, ჰყვება, რომ ასეთ ფიგურად შეიძლება გამოიკვეთოს ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელ ალი ლარიჯანი.
„ალბათ, ყველაზე ლოგიკური და რეალური მაქსიმუმი იქნებოდა ის, რომ სისტემის შიგნით მოიძებნოს გავლენიანი პირი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და ისრაელსა და ამერიკას კონკრეტულ პირობებზე მოელაპარაკება. ეს გულისხმობს ისრაელის აღიარებას, მის განადგურებაზე უარის თქმას, ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის საკითხების წარსულისთვის ჩაბარებას და ქვეყნის სხვა რელსებზე გადაყვანას; თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისლამური პრინციპებიც. თუ მეინსტრიმულ მედიას დავუჯერებთ, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ირანული საზოგადოება სრულიად ანტიისლამურია და რელიგიის დანახვაც არ უნდა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სისტემის მომხრეა. მათთვისაც კი, ვინც ისლამურ რესპუბლიკას უპირისპირდება, ისლამი, როგორც რელიგია და ცხოვრების წესის ჩარჩო, ყოველდღიურობაში მაინც მნიშვნელოვანია.
ამდენად, ვერ წარმომიდგენია, რომ ერთი ხელის მოსმით დღევანდელი ირანი სრულიად „წაიშლება“ და უცებ გადაიქცევა რაღაც ბრჭყვიალა სახელმწიფოდ... ასე არ გამოვა. ირანული საზოგადოება ბევრად უფრო რთულია. შაჰის პერიოდის საზოგადოებაზეც ამბობდნენ, რომ ძალიან თანამედროვე იყო, მაგრამ რეალურად პირიქით აღმოჩნდა - სწორედ კონსერვატიზმმა და ანტიმოდერნიზმმა გამოიწვია მაშინ რევოლუცია. მოკლედ, ძალიან მეეჭვება, რომ 4-5 კვირაში ეს პროცესი [საომარი მოქმედებები] დასრულდეს, რა თქმა უნდა, თუ არ განხორციელდა ის სცენარი, რომელზედაც ვისაუბრე - მოლაპარაკებისუნარიანი პირის გამოჩენა... ჩემი დაკვირვებით, კულუარული კონტაქტები მაინც არსებობს და ასეთი კანდიდატიც [ალი ლარიჯანი] გამოკვეთილია. თავის დროზე ის აიათოლა ხამენეიმაც კი მონიშნა“, - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ბაკო ხელაძემ.




























