მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება არ შემცირდეს ლექტორების რაოდენობა" - თსუ-ს პროფესორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

უცხოელი სტუდენტები

"ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც წინ უნდა უსწრებდეს მთელი რიგი სამუშაოები", - ასე შეაფასა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ მაჭარაშვილმა "ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდნენ.

როგორც პროფესორი BMG-სთან აცხადებს, უნივერსიტეტების გაერთიანება არ ყოფილა შეთანხმებული აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებთან, რაც აჩენს ეჭვს, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნები აქვს და არა - აკადემიური.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც საუნივერსიტეტო სივრცის წარმომადგენლისთვის, არის ის, რაზეც ამდენი ხანი ვითხოვთ პასუხს, რომ უნივერსიტეტების ავტონომიურობა უნდა შენარჩუნდეს, არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამაში და ჩვენს ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილება. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ არ ერევიან უნივერსიტეტების გადაწყვეტილებებში და დღეს თვითონ თქვეს ასეთი წინადადება, რომ რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ორი უნივერსიტეტი გააერთიანონ. მე მაქვს შეკითხვა: რექტორი არის მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენელი? მაშინ რისთვის გვყავს აკადემიური საბჭო? რისთვის გვყავს უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭო, რომელსაც სენატს ვუწოდებთ? სადღა არიან ფაკულტეტის საბჭოები?

ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც წინ უნდა უსწრებდეს მთელი რიგი სამუშაოები. პირველ რიგში, უმარტივესად, უნდა შედარდეს საგნები. მიმართულებებზე რომელ უნივერსიტეტში რომელი საგანი ისწავლება და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ძალიან მარტივია დავინახოთ ამაში უფრო მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე აკადემიური", - ამბობს თინათინ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად გივი მიქანაძის განცხადებისა, რომ არ იგეგმება არც სტუდენტების და არც პროფესორების კვოტების შემცირება, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ასევე დაანონსდა ლექტორთა შესარჩევი კონკურსიც.

"მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება არ შემცირდეს პროფესორების რაოდენობა, როდესაც მეუბნებით, რომ ორი დამოუკიდებელი პროგრამის ნაცვლად იარსებებს ერთი. მე თვითონ ვარ ჟურნალისტიკის მიმართულებაზე და შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად თსუ-შიც და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც არსებობს ჟურნალისტიკის მიმართულება. შესაბამისად, ჩემთვის ნათელია, რომ ეს ორი მიმართულება გაერთიანდება და შეიქმნება ერთი.

მეორე – როდესაც გვეუბნებიან, რომ გავაერთიანებთო და გამოცხადდება კონკურსი და მოგვიწევს, როგორც თსუ-ს, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს ამ კონკურსში მონაწილეობა - თუ არავინ უნდა შეამცირონ და თუ უბრალოდ უნდა გააერთიანონ, როგორც თვითონ ამბობენ, მაშინ ეს კონკურსები რისთვის უნდა გამოცხადდეს? ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი სდევს მათ განცხადებას და შესაბამისად, როდესაც განათლების სისტემაში იწყებ ასეთ ძალიან მასშტაბურ ცვლილებას, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფუნდამენტური კითხვები არ ჩნდებოდეს საზოგადოებაში, ან მომზადებული რეფორმა წარუდგინონ საზოგადოებას", - განაცხადა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა BMG-სთან.

შეგახენებთ, თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამის შესახებ განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, უნივერსიტეტის სახელი დარჩება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები