მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერანაირი ზეწოლა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას, რომ არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული - ცესკო

კალანდარიშვილი

ვერანაირი ზეწოლა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას, რომ არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ზეწოლის კამპანია სულ უფრო ძლიერდება და ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს.

"არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად პატივს ვცემ თავისუფალი გამოხატვის უფლებას - ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც დაცულია ევროპული დემოკრატიული სტანდარტებით - ეს უფლება უნდა განხორციელდეს პასუხისმგებლობით და კანონიერი ქცევის ფარგლებში. როდესაც ასეთი ქმედებები სცილდება მისაღებ საზღვრებს, ისინი ავლენენ სამართლებრივი საფუძვლების ან მტკიცებულებების ნაკლებობას/არ არსებობას ჩვენს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების დასამტკიცებლად.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვერანაირი ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO), „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“(EPDE)) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.

მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, ჩემთვისაც და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვისაც მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად და დაუღალავად ვიმუშაოთ რათა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებმა, არამედ საქართველოს თითოეულმა ამომრჩეველმა მიიღოს სრული და სწორი ინფორმაცია არჩევნების, განსაკუთრებით კი პოსტ საარჩევნო პერიოდში გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ.

და ბოლოს მინდა ვუთხრა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, მათ ვინც გახდა უსამართლო ზეწოლის მსხვერპლი, გამოვიყენებ ყველა ადამიანურ და სამართლებრივ საშუალებას, რათა დავიცვა თქვენი უფლებები. თქვენი თავდადება და გამძლეობა არის საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედი და ჩვენ არ ვიქნებით მერყევი დემოკრატიის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვემსახურებით", - წერია გიორგი კალანდარიშვილის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები