მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ ამოვიკითხეთ კონკრეტული მტკიცებულება, რაზე დაყრდნობით კეთდება შეფასება" - ცესკოს თავმჯდომარე Pace-ს ანგარიშს აფასებს

კალანდარიშვილი

ჩვენ ვერ ამოვიკითხეთ კონკრეტული მტკიცებულება, საფუძველი, რაზე დაყრდნობით კეთდება შეფასება, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა და განაცხადა, რომ PACE-ს ანგარიში მათში გარკვეულ გაკვირვებას იწვევს.

მისი შეფასებით, არც ანგარიშში და არც მაშინ, როდესაც ის და კომისია მათ პირადად შეხვდნენ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან რაიმე არგუმენტი ან კრიტიკა არ მოუსმენიათ.

„ჩვენს გაკვირვებას იწვევს [PACE-ს] შეფასება. იმიტომ, რომ არც ანგარიშში და არც მის მიღმა, როდესაც მე და კომისია მათ პირადად შევხვდით, სადაც ძალიან საინტერესო საკითხები მიმოვიხილეთ. მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ჩვენი საქმიანობისა და გადადგმული ნაბიჯების შესახებ, მათგან არცერთი არგუმენტი და კრიტიკა არ მოგვისმენია, რომელიც ინსტიტუციის საქმიანობას, მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. [ანგარიშში] ვერ სახელდება ვერცერთი გადაწყვეტილება, რომელშიც ასეთი ტიპის ნიშნებია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენს გაკვირვებას იწვევს ასეთი ტიპის შეფასებები.

საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების არსებობა და პროცესში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი უყურებენ პროცესს, აფასებენ, ხდება ხარვეზული გამოვლენა, რაც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მნიშვნელოვანია არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის ნაწილში. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სადამკვირვებლო ჯგუფებისგან, საერთაშორისო სტანდარტები და საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ობიექტურობას ითხოვს იყოს უზრუნველყოფილი, რათა ეს პროცესი ეფექტიანი იყოს“, - განაცხადა "ცესკოს" თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, ანგარიშში მითითებული უნდა იყოს ფაქტობრივი ინფორმაცია, ანალიზი, დასკვნები, შეფასება და რეკომენდაციები. შესაბამისად, ანგარიში კითხვებს ბადებს, თუ რის საფუძველზე მოხდა ამგვარი შეფასება.

„მიუხედავად ამ შეფასებისა, ინსტიტუცია გააგრძელებს გამჭვირვალე, საჯარო საქმიანობას და როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასევე საზოგადოებებს დაანახვებს მის საქმიანობის ელემენტებს და შემდგომ თავად საზოგადოებამ და ჩართულმა მხარეებმა შეაფასონ, თუ რამდენად მიუკერძოებელი, აფილირებული იყო რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან. მაშინ, როდესაც კომისია შედგება 17 წევრისგან. ეს არ არის მხოლოდ თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი. ჩვენ ყველანი კომისიური გადაწყვეტილებების ნაწილში ერთი ხმის უფლებით ვსარგებლობთ, რაც ნიშნავს, რომ პროცესი არის ინკლუზიური. 8 არა პარტიული და 9 შესაბამისი უფლებამოსილი პარტიის კომისიის წევრია, ყველა დონეზე, დაწყებული ცენტრალურიდან, გაგრძელებული საოლქოთი და დასრულებული საარჩევნო კომისიებით. ხშირად ისე ხდება წარმოჩენა, რომ კომისიის ხელმძღვანელი არის თავი და ბოლო, მაშინ როდესაც ეს არის კოლეგიური უწყება, კონსტიტუციური ორგანო, სადაც გადაწყვეტილებები მინიმუმ ხმათა უმრავლესობით მიიღება. ასევე, არაერთი შეხვედრა გვინახავს, სადაც გადაწყვეტილებების მიღება სრული კონსენსუსით მიმდინარეობს “, - ამბობს კალანდარიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სერტიფიცირების პროცესი ჩაატარეს, სადაც 34000-ზე მეტმა ადამიანმა სერტიფიცირების პროცესი გაიარა. კალანდარიშვილის ცნობით, როგორც მინიმუმ, მათ აქვთ შესაბამისი საბაზისო ცოდნა საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციების განხორციელებასთან მიმართებაში.

ინფორმაციისთვის, დადგენილების თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები