ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძე ვერტმფრენების შეძენის შესახებ ოპონენტების კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ ვერტმფრენი არ არის მანქანა, წახვიდე, იყიდო და ერთ კვირაში დაიწყო სიარული. ამის შესახებ მან პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტომისტებთან“ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
"შოვში ვერტმფრენი არ იყოო - ამბობენ, ჯერ ერთი, რომც ჩამოსულიყო ის ვერტმფრენები, რომლებიც შესყიდული გვაქვს, დარწმუნებული ვარ, შოვში ვერ იმუშავებდნენ და ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც გმირმა ადამიანებმა გააკეთეს", - აღნიშნავს კაკაურიძე.
გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საჭირო კომპონენტით აღჭურვილი 3 სამაშველო ვერტმფრენია შეძენილი.
„ვერტმფრენებზე 50 მილიონი გასულ წელს დაემატა შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ ვერტმფრენების შეძენისთვის. თქვენ ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ ვერტმფრენი არ არის მანქანა - წახვიდე, იყიდო და ერთ კვირაში დაიწყო ამ მანქანით სიარული. შეკვეთილია სამი ვერტმფრენი და ჯამში, ეს 3 ვერტმფრენი არის დაახლოებით 80 მილიონი ლარის, დაახლოებით 65 მილიონ ლარამდე არის უკვე ანაზღაურებული.
18-თვიანი პერიოდი იყო პირველი ვერტმფრენის ჩამოსასვლელად და შემდგომში დამატებით 6-თვიანი პერიოდი იყო მეორე და მესამე ვერტმფრენის ჩამოსვლისთვის. შესყიდულია, თუმცა კომპანიას ჯერ არ მოუწოდებია და მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ ორი მათგანის ჩამოსვლა მოესწრება. ეს არის თანამედროვე ტიპის სამაშველო ვერტმფრენი, აღჭურვილი ყველა იმ კომპონენტით, რაც სამაშველო ვერტმფრენს ესაჭიროება და ამის თანხის უდიდესი ნაწილი არის უკვე ანაზღაურებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.