ვერცხლის ფასის არასტაბილურობამ სოციალური საწარმო „იკორთას“ პროდუქციის გაძვირება აიძულა. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში საწარმოს კომუნიკაციების მენეჯერმა, ანა ახლოურმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ვერცხლის სამკაულები, რომელიც სოციალურ საწარმოს 2023 წელს დაემატა, ნედლეულის გაძვირების გამო, 30-40%-ით გაძვირდა.
„პრობლემა არის ვერცხლის ფასის არასტაბილურობა. ბაზარზე მისი საწყისი ფასი დაახლოებით 4 ლარი იყო, შემდეგ გაიზარდა 12 ლარამდე, ახლა შედარებით დასტაბილურდა და 10 ლარია. ეს ნებისმიერი მწარმოებლისთვის დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ჩვენთვის.
ფაქტობრივად მოგვიწია, რომ სამკაულის ფასი 30-40%-ით გაგვეზარდა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ლოიალური ფასი შევინარჩუნოთ და მაღალ ნიშაში არ ვიყოთ, მაგრამ ვერცხლის გაძვირებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა,“ – ამბობს ის.
ანა ახლოურის თქმით, ფასების მუდმივი ცვლილება ბიზნესისთვის დამატებით რისკს ქმნის. აქვე ის ამბობს, რომ მიუხედავად ფასების ზრდისა, კომპანიას ქართველი მომხმარებლის მხრიდან ნეგატიური უკუკავშირი არ მიუღია. როგორც ახლოური განმარტავს, „იკორთას“ პროდუქცია მანამდეც საშუალო საბაზრო ფასზე დაბალი იყო, რის გამოც ზრდამ კომპანია უბრალოდ საშუალო სეგმენტში გადაიყვანა.
„მომხმარებელი ამ ინფორმაციას გაცნობიერებით შეხვდა. ჩვენი ფასი მანამდეც დაბალი იყო ბაზართან შედარებით და ამ ზრდამ უფრო საშუალო ფასებში გადაგვიყვანა. უარყოფითი უკუკავშირი ამ ეტაპზე არ მიგვიღია.
ხშირად პირდაპირ ვეუბნები მომხმარებელს – თუ ვერცხლის ნივთი 50 ლარზე ნაკლებად ვერ გავყიდე, ეს ჩემთვის, როგორც ბიზნესისთვის, ძალიან მძიმე დანამატია. მინდა, მომხმარებელი ინფორმირებული იყოს და თავად გადაწყვიტოს, რამდენად ღირებულია მისთვის ამ ფასში ნივთის შეძენა“, – აღნიშნავს ანა ახლოური.
ტურისტული ბაზრის მიმართულებით კომპანია ფასების ზრდის ნეგატიურ გავლენას არ ელოდება. „ჩვენი ტურისტი ძირითადად მაღალშემოსავლიანი ევროპული, ამერიკული და ავსტრალიური ბაზრის წარმომადგენელია. ამ კუთხით მოლოდინი გვაქვს, რომ გაყიდვებში კლება არ გვექნება, მიუხედავად გაზრდილი ფასისა“, – ამბობს ის.




























