მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვერველევი” დიზაინერ AVTANDIL-თან კოლაბორაციით ორ მურაბას გამოუშვებს

Vervelevi x AVTANDIL

მურაბებისა და ჯემების მწარმოებელი კომპანია “ვერველევი”, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა, ასორტიმენტის გაფართოებაზე მუშაობს და მომხმარებლებს სხვადასხვა ხელოვანთან კოლაბორაციით შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. როგორც “ვერველევის” დამფუძნებელი, მაკა მეტრეველი, BM.GE-სთან აღნიშნავს, პირველი ასეთი თანამშრომლობა დიზაინერ AVTANDIL-თან შედგა, საბოლოო პროდუქტი კი გაყიდვაში ოქტომბრიდან ჩაეშვება.

“მუდმივად ვცდილობთ, რომ მომხმარებლებს რაღაც სიახლე შევთავაზოთ და ჩვენი კოლექციები გავამრავალფეროვნოთ. ერთ-ერთი ასეთი სიახლე AVTANDIL-თან კოლაბორაციით შექმნილი მურაბებია. ჩვენ ავთანდილის ბავშვობის საყვარელი გემოები ავიღეთ, ჩვენებურად დავამუშავეთ, ახალი გემოები შევძინეთ და ოქტომბრიდან რეალიზაციასაც დავიწყებთ. ორი ახალი მურაბა იქნება: მსხალი ჯინჯერით და ირანული ზაფრანით და სამოთხის ვაშლი მადაგასკარის ვანილით - რომლებიც, ვფიქრობ, სასაჩუქრე შეფუთვით წყვილად გაიყიდება. 

შემდეგი კოლაბორაცია ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძესთანაა დაგეგმილი, ვის ბავშვობის გემოებსაც ახლებურ იერს შევძენთ. მესამე თანამშრომლობას კი სიურპრიზად დავტოვებთ”, - ამბობს მაკა მეტრეველი.

ახალი პროდუქტის ფასები ჯერჯერობით უცნობია და თითოეული სარეალიზაციო ობიექტის საფასო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ამ დროისთვის “ვერველევის” პროდუქცია “არიასა” და “ყველის სახლში” იყიდება, მოლაპარაკებებს კი ქსელურ მარკეტებთან აწარმოებენ. დამფუძნებლის თქმით, “ვერველევის” სტანდარტული პროდუქციის ფასები ბოლო პერიოდში მცირედით გაიზარდა.

“ყოველ წელს უფრო რთულდება ისეთი ხილის ყიდვა, რომლის ფასი და ხარისხი თანხვედრაშია. ხილის ფასი წლიდან წლამდე უფრო იზრდება, ამის გამო ფასები წელს მცირედით დავაკორექტირეთ. სამაგიეროდ, ჩვენთან ყველა სახეობის მურაბას, რომელიც ერთი მოცულობის ქილაშია, ერთი ფასი აქვს, ზოგი მეტ მოგებას ტოვებს, ზოგი - ნაკლებს, თუმცა აბალანსებს ორივე შემთხვევა ერთმანეთს”, - აღნიშნავს მეტრეველი.

“ვერველევის” დამფუძნებელს კომპანიის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის შესახებაც ვკითხეთ. მისი თქმით, მომხმარებლებში დიდი პოპულარობით ვარდისა და ჟოლოს ჯემი სარგებლობს, რომელსაც კომპანია 2019 წლიდან უშვებს. 

“ასევე, შარშან დავამატეთ ორი სახეობის “ყველის მეგობარი” - ლეღვი როზმარინით და წიწაკით და მსხალი ჩინური სანელებლებით და წიწაკით. ორივე ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით ყველის მაღაზიებში”, - ამბობს მაკა მეტრეველი.

“ვერველევი” ჯემებისა და მურაბების გარდა სახლის აქსესუარებს, მათ შორის წინსაფრებს, პურის ჩანთებსა და, დიზაინერ ZENKA-სთან კოლაბორაციით, “რეცეპტების სკივრს” ქმნის. კომპანიის დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მოგვიანებით ZENKA-სთან თანამშრომლობით მაგიდის სუფრებსაც გამოუშვებს.

“ვერველევის” წლიური წარმადობა 5 000-მდე ქილა მურაბა და ჯემია, რომლებიც ხელით მზადდება. მაკა მეტრეველის თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში წარმოების ზრდაც შედის, რისთვისაც ხარისხიანი ქარხნებისა და ფულადი ინვესტიციის მოძიებასაც დაიწყებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები