ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებელი "ამბასადორი ბათუმი აილენდის" დირექტორის განმარტებით, კომპანიას სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნით არც ერთი სახელმწიფო უწყებისთვის არ მიუმართავს. გოჩა კამკია BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად ეტევა იმ კოეფიციენტში, რომელიც დადგენილია ქალაქ ბათუმისთვის.
გოჩა კამკიას თქმით, კომპანია 5-6 წლით ასწრებს სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებების ვადებს.
"ამბასადორი ბათუმი აილენდი", ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს.
"ამბასადორ ჯგუფი ერთგული რჩება თავისი საჯარო განცხადების, რომლის მიხედვითაც, ბათუმის კუნძული შემდგომში იქნება საქართველოს გლობალური დამისამართება.
აგვისტოს თვეში 9 თვიანი სამართალწარმოების შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. ამჟამად კომპანია ამერიკელ, ბრიტანელ და თურქ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით იწყებს ნახევარკუნძულის ფაზურ განვითრებას, რომელიც მოიცავს 10 ჰექტარამდე ფართობს. ამ ათი ჰექტარიდან დაახლოებით 2 ჰა არის ტყე-პარკი, რომელიც პირველ რიგში განაშენიანდება. აგრეთვე, მოხდება ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე კუნძულის ადმინისტრაციული შენობის განვითარება. აგრეთვე, იგეგმება 4 ნაკვეთის განვითარება, რომელზეც მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები და ა.შ.
კუნძულის პარალელურად კომპანიის სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებაა, მისი განვითარება და ფაზურად უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამბასადორი ჯგუფი ამაყობს, რომ ამჯერად, საინვესტიციო კონტრაქტს, დაახლოებით 5-6 წლით ვუსწრებთ, რაც დროში ეფექტურად გათვლილი გადაწყვეტილებების და საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზების შედეგია. აქედან გამომდინარე, კუნძულის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია 14 ჰა მიწის ნაკვეთი და არსებობს სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობა რომ ნახევარკუნძული თანმიმდევრულად განვითარდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას არც ერთი სახელმწიფო უწყებისთვის არ მიუმართავს სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნით. აბსოლუტურად ეტევა იმ კოეფიციენტში, რომელიც დადგენილია ქალაქ ბათუმისთვის. უბრალოდ, ტერიტორიის სიდიდის გათვალისწინებით (ჯამში 84 ჰა) სივრცეები აბსოლუტურად იძლევა მათ შორის, მაღლივი შენობებით განაშენიანების შესაძლებლობას.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩაატაროს კვლევა. ეს არის აბსოლუტურად შესაბამისობაში თანამედროვე ქალაქების განაშენიანებასა და სიმჭიდროვესთან", - განაცხადა გოჩა კამკიამ.
ცნობისთვის, „ბათუმი აილენდის“ პროექტი 2021 წელს დაანონსდა. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს.