„ზოგიერთი ამბობს, პოლიტიკა არ არის მასწავლებლის საქმეო... როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, მასწავლებელმა ხმა არ უნდა ამოიღოს?!" - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ლადო აფხაზავამ განაცხადა.
მისი თქმით, მის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც სამოქალაქო სექტორში მუშაობენ და ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო საქმეებს აკეთებენ. ამიტომაც ე.წ. რუსული კანონით მათთვის იარლიყის მიწებება, არადემოკრატიულია.
"ძალიან ბევრი წერილი შემომდის, სადაც მეკითხებიან, თუ რატომაა ეს კანონი რუსული. ყველას ვთავაზობ ვიდეოს, სადაც პუტინი და კობახიძე ერთი ერთში აქებენ ამ კანონს და ამბობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თურმე ქვეყნისთვის გამჭვირვალობა. კანონი, რომელიც ადამიანებს რაღაცნაირად გახლეჩს. აქედან გამომდინარე, ვეწინააღმდეგები იმ კანონს, რომლის კარგ შედეგებზეც კობახიძე და პუტინი ერთნაირად საუბრობენ.
საბედნიეროდ, რუსეთში დავინახეთ თუ რა შედეგები გამოიწვია ამ კანონმა. დღეს, ვეღარავინ ვერაფერს ვეღარ აპროტესტებს. მოედანზე სუფთა ფურცელი რომ გაიტანო, იმის გამოც კი დაგაპატიმრებენ.
ზოგიერთი ამბობს, რომ პოლიტიკა არ არის მასწავლებლის საქმეო... რას მელაპარაკებით, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, მასწავლებელმა ხმა არ უნდა ამოიღოს?! ექიმმა ხმა არ უნდა ამოიღოს?!. პოლიტიკა არის სტრატეგია და მე რა სტრატეგიას ავირჩევ და რომელ სტრატეგიას დავუჭერ მხარს, არავის საქმე არ არის. დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობ.
თუ დასჭირდა, შევეწირებით კიდეც ამ კანონის მიღებას. შარშან დავწერე, რომ ეს კანონი დაასრულებს ამ ხელისუფლებას და მე მგონი, ისე მიდის ყველაფერი, რომ მართლა დაასრულებს",- აცხადებს აფხაზავა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ 10:00-ზე პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ე.წ რუსულ კანონის განხილვას იწყებს. პარალელურად დაგეგმილია საპროტესტო აქციები.