დღეისათვის საქართველოს ბაზარზე თევზის 97% იმპორტირებულია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად შემუშავებული სტრატეგია 2028 წლამდე წარმოების გახუთმაგებას ითვალისწინებს, თუმცა აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არსებული ნელი ტემპით დასახული მიზნების მიღწევა შეუძლებელია.
სოფო დიასამიძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს ძალისხმევა საკმარისი არ არის. ქართველი ფერმერების უმეტესობა მოძველებული მეთოდებით მუშაობს, რაც კლიმატური ცვლილებების ფონზე დარგს დაუცველს ხდის. ტემპერატურის მატება და ჟანგბადის ნაკლებობა თევზის დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს, ამიტომ მისი თქმით, აუცილებელია გადასვლა თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
“აკვაკულტურა არის დარგი, რომელიც გადადის გარდამავალ პერიოდში. ვფიქრობ, გლობალური დათბობის პირობებში აუცილებელია გადავიდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე აკვაკულტურაში. ამისთვის ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ისრაელის ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც მუშაობს მსგავს სისტემებზე. უნდა ვისწავლოთ სხვა ნაბიჯის გადადგმა აკვაკულტურაში და უნდა დავასტაბილუროთ ეს დარგი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი დავაკმაყოფილოთ, არამედ ექსპორტზეც გვქონდეს პრეტენზია. რა თქმა უნდა, დარგში რჩება უამრავი პრობლემა გადასაჭრელი, თუმცა ეტაპობრივად ამას ვაგვარებთ.
ჩვენმა ორგანიზაციამ აიყვანა წლების გამოცდილების მქონე თანამშრომელი, რომელიც იქთიოპათოლოგიის მიმართულებით მუშაობს. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრები, როგორც ცენტრალური, ასევე აჭარის სამინისტროს ლაბორატორიული ცენტრი, მზად არის თევზის დაავადებებზე მუშაობისთვის. აქ იყო ერთადერთი საკითხი — გვჭირდებოდა იქთიოპათოლოგი, რომელიც მეურნეობაში გააკეთებდა სწორ ანამნეზს და ნიმუშის ლაბორატორიამდე მიტანას უზრუნველყოფდა. ეს საკითხიც მოგვარდა.
სტრატეგია მხოლოდ დაწერა არაფერს ცვლის. სასწრაფოდ გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები. სტრატეგიის მიხედვით ვეტერინარიასა და სურსათის უვნებლობაზე მოთხოვნები ყველაზე კარგად შესრულდა. სეს-მა გადადგა ნაბიჯები. ჩვენ იქთიოპათოლოგიის პრობლემა მოვაგვარეთ. ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც უკვე მეტ-ნაკლებად არის და შესაძლებელია სახელმწიფოს ჩართულობაც. აი ამ ყველაფერს თავმოყრა უნდა მოხდეს ერთად და უკვე სტარტი უნდა აიღოს დარგმა განვითარებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა დავიწყოთ. ასე თუ გავაგრძელებთ იგივე ცოდნით, იგივე ცნობიერებით, სტრატეგიას, რა თქმა უნდა, ვერც დავეწევით და ვერც დარგს ვერ განვავითარებთ. ამიტომ საგანმანათლებლო კუთხეა სასწრაფოდ ჩასართავი, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. თითქმის ყველაფერი უკვე ინდივიდუალურად გაკეთებულია და ერთ რგოლშია ყველაფერი მოსაქცევი, რომ დარგმა სტარტი აიღოს განვითარებისთვის.
მე ვფიქრობ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ჩვენ დავიწყებთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლას. ჩვენ ვისწავლით იმ თევზის მეურნეობების სწორ მართვას, რამაც უნდა განავითაროს და სტაბილური გახადოს დარგი. პირველ რიგში სტაბილურობა გვჭირდება. სტაბილური უნდა გახდეს ეს დარგი და მე პირველ ხუთ წელიწადში ექსპორტზე გასვლაზე დიდი ხანია არ ვოცნებობ, თუმცა იმპორტს, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს 97%-ზე მეტი, სადღაც ვფიქრობ, რომ 30%-იანი ჩანაცვლება უნდა მოხდეს ხუთი წლის განმავლობაში.
საქსტატის მონაცემებით, ბაზარი იმპორტირებული თევზითაა გაჯერებული. გასულ წელს ქვეყანაში 57,8 მილიონი დოლარის ღირებულების, 17 ათას 512 ტონა ახალი, გაციებული და გაყინული თევზის იმპორტი განხორციელდა, რაც ბოლო წლების მაქსიმუმი მაჩვენებელია.

გაყინული თევზის შემთხვევაში მთავარი ბაზარი საქართველოსთვის ნორვეგია, ახალი ან გაციებული თევზის შემთხვევაში კი თურქეთია.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას,საქართველოში თევზის წარმოება ბოლო წლების მინიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს აკვაკულტურის სექტორმა მხოლოდ 2 445 ტონა თევზი აწარმოვა. პიკი 2021 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც წარმოება თითქმის 2900 ტონას აღწევდა.




























