ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ხუდონჰესის და ნამახვნაჰესის აშენებას სკეპტიკურად უყურებს. „ვფიქრობ, არც ხუდონჰესი და არც ნამახვანჰესი უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში არ აშენდება“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში. არჩილ მამათელაშვილმა, რომელსაც ენერგეტიკისა და ფინანსების სფეროებში მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ისაუბრა იმ ბარიერებზე, რომლებიც ხუდონისა თუ ნამახვანის ზომის პროექტების განვითარებას აფერხებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, კონკრეტულად არაფერია ცნობილი, როგორ აპირებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელებას, თუმცა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები მინისტრ მარიამ ქვრივიშვილზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მთავრობას „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
ინტერვიუ ენერგეტიკოს არჩილ მამათელაშვილთან
- ხუდონჰესი, ნამახვანჰესი, ნენსკრაჰესი - ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი მენეჯმენტი ენერგეტიკის სექტორს ჰპირდება, რომ სამივე დიდი ჰესი აშენდება და პირველი ხუდონჰესი იქნება... „ნამახვანჰესის“ მწარე გამოცდილების ფონზე, რა უნდა შეიცვალოს როგორც მოსახლეობასთან ისე ინვესტორებთან კომუნიკაციის სტრატეგიაში, რომ პროექტები რეალურად დაიძრას და წლიდან წლამდე მხოლოდ საუბარი არ გვესმოდეს?
- ჩემს პირად აზრს გეტყვით - შეიძლება ვცდები კიდეც, პრობლემა არ არის, მაგრამ ვფიქრობ, არც ხუდონჰესი და არც ნამახვანჰესი უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში არ აშენდება.
- რატომ ფიქრობთ ასე?
- რამდენიმე მიზეზის გამო... ჯერ ერთი, ორივე უზარმაზარი პროექტია. მარტო ხუდონჰესის აშენებას, პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების გათვალისწინებით, მინიმუმ მილიარდ-ნახევარი დოლარი დასჭირდება, რაც დღევანდელი კურსით 4 მილიარდ ლარზე მეტია. საიდან უნდა მოვიდეს ეს ფული?! საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მათი დაფინანსება ძალიან რთული იქნება, რადგან გარემოსდაცვითი და სოციალური კუთხით ეს პროექტები ძალიან მოწყვლადია. თქვენ ახსენეთ ნამახვანჰესის გამოცდილება... არა მგონია, დღეს რომელიმე უცხოელი ინვესტორი, დიდი ფონდი ან კომპანია შემოვიდეს და საქართველოში ნამახვანჰესის მსგავს პროექტში 700-800 მილიონი დოლარი ჩადოს. ეს არის პირველი მიზეზი - საინვესტიციო რესურსები ქვეყანას თვითონ არ გააჩნია, ბიუჯეტისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთია, ქართული საბანკო სექტორი კი ასეთ დიდ რისკს ვერ აიღებს.
- სახელმწიფო რომ შეეჭიდოს? - მაგალითად, ბიუჯეტში გამოძებნოს რესურსი "ხუდონჰესისთვის"...
- არ ვიცი, რამდენად არის ბიუჯეტში ამისთვის თავისუფალი თანხები. მეორე მხრივ, ეს ძალიან ხანგრძლივი, მინიმუმ 10-წლიანი პროცესია... ნენსკრაჰესი კიდევ უფრო რეალური ჩანდა, ინვესტორიც ჰყავდა, ისევე როგორც "ნამახვანჰესს", მაგრამ ორივე პროექტი ინვესტორებმა დატოვეს. ნენსკრა, თუ არ ვცდები, 2010-2011 წლიდან „შენდება“ - უკვე 15 წელია და მაინც ვერ აშენდა. ეს მიდგომა, როგორც ჩანს, არ ამართლებს.
მეორე მხარე განვიხილოთ: დავუშვათ, ფული მოიძიეთ. ინვესტორმა უნდა იცოდეს, როგორ ამოიღებს ამ ფულს. ეს იქნება უზარმაზარი ენერგორესურსი, რომელიც ქვეყანაში შემოვა და კარგია იმით, რომ ბუნებრივი აირის დეფიციტს გადაფარავს (რამაც ნაწილობრივ ელექტროენერგიის გაძვირებაც გამოიწვია), მაგრამ როგორია საბაზრო სისტემა? ვინ იძლევა გარანტიებს? მხოლოდ „ესკოს“ გარანტია, დიდი ალბათობით, საკმარისი არ იქნება; მოითხოვენ სუვერენულ გარანტიებს. სახელმწიფო რამდენად არის ამისთვის მზად? სისტემა დასახვეწია. ინვესტორი უნდა დაარწმუნო, რომ ის ჩადებულ ფულს უკან ნამდვილად ამოიღებს და რამდენიმე წელიწადში მოგებასაც ნახავს.
- თქვენი აზრით, დღეს წარმოუდგენელია, მაგალითად, ევროპელი ინვესტორის დარწმუნება, რომ ამ სამი პროექტიდან რომელიმეში ფული ჩადოს?
- გეტყვით: ხუდონჰესის ეფექტურობის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია, 30-40%-მდე... ეს ნიშნავს, რომ მისი ძირითადი დანიშნულება პიკური გამომუშავება უნდა იყოს, რაც სისტემისთვის ძალიან კარგია, მაგრამ რადგან ელექტროენერგიის ბაზარი არ არსებობს, ხუდონის მიერ გამომუშავებული დენი ნებისმიერ დროს ერთ ფასში გაიყიდება. დაბალი გამომუშავების კოეფიციენტის გამო, ერთი კილოვატ-საათის თვითღირებულება იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე დღევანდელი საბაზრო ფასია. შეიძლება, 9-10 ცენტიც მოითხოვონ. არასწორი საბაზრო სისტემის პირობებში, ეს ელექტროენერგიას კიდევ უფრო გააძვირებს.
- საიდან უნდა დაიწყოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებსაც ითავსებს, მიდგომების შეცვლა თუ მომდევნო 10 წელი განწირული ვართ ტარიფების ზრდისთვის?
- 20-30 წლის პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან მსოფლიო ენერგობაზარზე სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: უნდა შეიქმნას რეალური საბაზრო სისტემა. უნდა განვითარდეს ვაჭრობა მეზობლებთან, განსაკუთრებით თურქეთთან, რაც ახლა შეჩერებულია. თუ სწორი ბაზარი გვექნება, როდესაც ჩვენთან იაფია დენი, თურქეთში გავყიდით, კომპანიები ფულს იშოვიან და ამით დააბალანსებენ ფასებს გაძვირების პერიოდში. ასევე, შესაცვლელია მიდგომა ინვესტორებთან; როდესაც ერთი ინვესტორი მიდის, მერე მეორე - ეს საკმაოდ უსიამოვნო [სიგნალია] სხვებისთვის და ყველას ეშინია. მესამე გზა კი ისაა, რასაც სხვა ქვეყნები აკეთებენ: სააკუმულაციო [შემნახველი] სისტემების გამოყენება. ეს არის ლითიუმ-იონის ან სოდიუმ-იონის (რომელიც უფრო იაფია) აკუმულატორები. დავაყენოთ ეს სისტემები, განვავითაროთ მზე და ქარის ენერგიები, პიკური დანაკლისი კი სწორედ ამ აკუმულატორებით შევავსოთ. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ენგურჰესის რესურსს სრულად ჩვენ ვერ ვიყენებთ, გარკვეული ნაწილი აფხაზეთის მომარაგებაზე მიდის...
- დიახ, აფხაზეთის მოსახლეობის ენერგომომარაგებაზე...
- ამდენად, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი - დაწყებული ელექტროენერგიის ბაზრიდან, დამთავრებული მეზობლებთან და ინვესტორებთან ურთიერთობით. ეს ყველაფერი ერთიანად უნდა შეიცვალოს.




























