"აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა; ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების საგანია ის, თუ საბოლოო ჯამში რა ფორმით წარიმართება აზერბაიჯანიდან ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით.
„ჩვენთვის აბსოლუტურად მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული მხარის ინტერესები, ასევე სომხური მხარის ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა სამხრეთის გაზის დერეფნის ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ყველა თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა და ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მიღწეული იქნება ორივე მხარისთვის საინტერესო შეთანხმება.
კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობის, ტრანზიტის შესაძლებლობები განვითარდეს.
„ეს წარმატებით ვერ განხორციელდება შუა აზიის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან სომხეთთან თანამშრომლობის გარეშე და ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ვიზიტს, რომელიც მე მქონდა თურქმენეთში. მე მქონდა ასევე ყაზახეთის პრეზიდენტთან საუბრის შესაძლებლობა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან საუბრის შესაძლებლობა. ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ კუთხით, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. გვქონდა საუბარი ყველა მიმართულებით თანამშრომლობაზე, იქნება ეს თურქმენული გაზის ტრანზიტი, აზერბაიჯანი, თუ ყაზახეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, უზბეკეთი თუ ა.შ. ჩვენ ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის უწყებრივ დონეებზე შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქმე ის არის, რომ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5% მიიღოს - კონტრაქტი ძალაშია 2068 წლამდე. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან ანუ 2006 წლიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის. სწორედ ე.წ. „დამატებით გაზის“ კონტრაქტს ეწურება ვადა 2026 წლის ბოლოს.
"დამატებითი გაზის" რუსულით ჩანაცვლება ენერგეტიკული კრახი იქნება | რა კოზირი უჭირავს საქართველოს?




























