მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე მიიჩნევს, რომ ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით მესამე CFD აუქციონის ჩატარება აუცილებელია. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, არსებული 6.5-ცენტიანი ტარიფი ძალიან დაბალია და სწორედ ამიტომ, პირდაპირი მოლაპარაკებებით ჰესების ნაწილში კონტრაქტებზე ბევრი განაცხადი არ ყოფილა.
"6.5 ტარიფი ძალიან დაბალია და არ ვიცი საერთოდ ამ ტარიფით როგორ შეიძლება პროექტები განხორციელდეს. ამიტომ, რა ინფორმაციაც მაქვს, ჰესების მიმართულებით ბევრი განაცხადი არ იყო შესული. ვფიქრობ, ჰიდროს ნაწილში აუცილებლად გასაკეთებელი იქნება მესამე CFD აუქციონი",- განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში 6 000 მეგავატზე შევიდა განაცხადები და ამ ფონზე სექტორში ინვესტიციების ზრდაა მოსალოდნელი.
"2024 წელს ხობი ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, ასევე სხვა სადგურებია, ტორი ჰესი, ჩიორა ჰესი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, გადამცემი ხაზები, რომლის მშენებლობასაც ელექტროსისტემა ახორციელებს. ასევე, ბევრი მზის სადგურია. ნეტო აღრიცხვის პროგრამამ კარგად იმუშავა და ბევრი პატარა სადგური შევიდა ექსპლუატაციაში. რაც შეეხება 2025 წელს, დიდი პროექტებია რიგში. ენერგოსისტემიდან მაქვს ინფორმაცია, რომ პირდაპირი მოლაპარაკებებით 6000 მეგავატზეა მიერთების განაცხადები შესული. ამ 6000 მეგავატს რომ გამოვაკლოთ ბიზნესი, რომლებიც ამ ქაღალდებით ვაჭრობენ, და ვთქვათ, რომ აქედან ნახევარი მაინც გაკეთდება, დაახლოებით 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია უნდა იყოს და ეს ძალიან მალე უნდა განხორციელდეს, რადგან ძირითადად მზის სადგურებზეა შესული განაცხადები და მათ ჰიდრო და ქარის პროექტების მსგავსად არ სჭირდება დიდი დრო არც კვლევაზე და არც სამონტაჟო სამუშაოებზე. შესაბამისად, ვფიქრობ წელიწად-ნახევარში, მაქსიმუმ 2 წელში ეს $2 მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. დიდი დაინტერესებაა, ბევრი განაცხადია სამინისტროში შესული მათ შორის არის უცხოელების დიდი დაინტერესება, რადგან ტარიფი ბევრისთვის მისაღებია და ვფიქრობ, საინტერესო წელი გველის წინ",- აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.
შეგახსენებთ, პირდაპირმა კონტრაქტებმა ჩაანაცვლა CFD აუქციონი, რომელიც მანამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობის ვადა 28 თებერვალს ამოიწურა. დაინტერესებული პირები, რომელიც დააკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად პროექტების განსახორციელებლად ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ტარიფს მიიღებენ. ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც პროექტის ინვესტორი 15 წლის განმავლობაში ისარგებლებს მეორე CFD აუქციონის გზით დადგინდა და შემდეგნაირად განისაზღვრა:
- ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 6,5 ცენტი;
- ქარის ელექტროსადგურები - 6 ცენტი;
- მზის ელექტროსადგურები - 5,6 ცენტი.