ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.13 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2023 წელს პროგნოზირებული მშპ-ის ($29 მლრდ დოლარი) 18%-ია. რეზერვების ეს მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. აპრილში სავალუტო რეზერვების ზომა 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი მატება 1.3 მილიარდი დოლარია. ეროვნული ბანკი რეზერვების შევსების პოლიტიკას ახორციელებს, რისთვისაც სებ-ი Bmatch-ის პლატფორმას იყენებს. 2023 წლის პირველ სამ თვეში ამ გზით სებ-მა $460 მილიონი შეისყიდა, მარტში კი ინტერვენციები რეკორდული იყო და $220 მილიონს შეადგენდა.
Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო რეზერვების დონე ამ ეტაპზე კარგია, თუმცა გაზრდის საშუალება კიდევ არის. საკითხზე მან "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.
„გასული წლიდან დაწყებული, საერთაშორისო რეზერვები ყოველთვიურად იმატებს. აპრილის მდგომარეობით, 5.1 მლრდ რეზერვი გვაქვს, რაც 3.8 თვის იმპორტის შედეგია. ARA metrics-ის საზომითაც ადეკვატურის რეჟიმში ვართ მოქცეული. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო რეზერვების დონე ამ ეტაპზე კარგია, თუმცა გაზრდის საშუალება კიდევ არის. საზღვრის ზედა ზღვარი არის 150% და ჩვენ ახლა ვართ 110%-ის ფარგლებში. კარგია ის, რომ 100 გადავცდით და ზემოთ მივიწევთ, თუმცა იმისთვის, რომ კარგი ბუფერი იყოს და როგორც ინვესტორების, ისე ადგილობრივი მომხმარებლების თვალში აღქმული იყოს ქვეყანა როგორც უსაფრთხო, რომელიც ყველა ვალდებულებას ემსახურება, საჭიროა გაზრდა.
რაც შეეხება შესყიდვებს, ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება არის საკმაოდ მაღალი. გასულ წელს ეროვნული ბანკის სუფთა შესყიდვა დაახლოებით 565 მლნ იყო. მიმდინარე პერიოდში კი 4 თვეში დაახლოებით 783 მლნ არის და აპრილში იყო რეკორდული. ვფიქრობ, რომ რეზერვების ამ დონის შესყიდვა სწორია. გასულ წელს უფრო მეტის საშუალებაც იყო, რომ ამოეღო ბაზრიდან და უფრო მეტი საერთაშორისო რეზერვები ყოფილიყო. ეს დონე მიმდინარე წელსაც ნორმალურია.უნდა დავაკვირდეთ ასევე ჩვენი ნომინალური ეფექტური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები როგორ არის მის გრძელვადიან ტრენდთან. მნიშვნელოვანი გამყარება გვაქვს გასული წლიდან მოყოლებული და ეს ეროვნულ ბანკს საშუალებას აძლევს, რომ შეისყიდოს და ეს არ ნიშნავს, რომ სებ-ი აჩერებს კურსის გამყარებას“, - თქვა ლაშა ქავთარაძემ.