საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა. 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში სულ 287 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 14.1%-ით ანუ 47.3 მლნ დოლარით ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსი მიგრანტების შემოდინების ფონზე ფულადი შემოდინებები რუსეთიდან რეკორდულად გაიზარდა. მიმდინარე წლიდან კი გადმორიცხვები იკლებს. აგვისტოში რუსეთიდან გადმორიცხვები წლიურად თითქმის 46%-ით შემცირდა და 60 მილიონი დოლარი შეადგინა.
G&T-ის ეკონომისტ ლაშა ქავთარაძის შეფასებით, ფულადი გზავნილების ტრენდის შემცირება სწორედ რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებით იხსნება. მისი თქმით, მიგრანტების გადმორიცხვების ეკონომიკური ეფექტი მილევად რეჟიმშია და ეს ტრენდი შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება.
„გადმორიცხვების შემცირების დინამიკა უკვე ჩანს და ეს ფაქტობრივად იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების კორექცია ხდება. აგვისტოში რუსეთიდან გზავნილების წილი, მთლიან გზავნილებში 21%-მდე შემცირდა. ეს ფაქტობრივად დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო, რა დროსაც დაახლოებით 24,2%-ს შეადგენდა რუსეთის წილი.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და კიდევ არის მოსალოდნელი, რომ კორექცია მოხდეს რუსეთიდან, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ გზავნილები მნიშვნელოვნად იზრდება სხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ევროკავშირიდან, აშშ-დან, ასევე ისრაელიდან.
ვფიქრობ, მიმდინარე წელს ფულადი გზავნილების საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 4,1 მილიარდი იქნება. ეს წინა წელთან შედარებით შემცირებაა, მაგრამ არა მნიშვნელოვანი, ეს შემცირება დაახლოებით 5%-ის ფარგლებში გამოდის. მთლიანობაში ფულადი გზავნილებიდან მიღებული თანხები სოლიდურია და ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროპარამეტრებს უწყობს ხელს“, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა. ათეულში პირველ ადგილზე რუსეთია ($60 მლნ), სამეულში შედიან იტალია და აშშ. იტალიიდან საქართველოში 45 მილიონი, ამერიკიდან კი 40 მილიონი ლარი გადმორიცხეს. აღსანიშნია, რომ იტალიიდან გზავნილები 23%-ით, ამერიკიდან კი 37%-ით არის გაზრდილი.