ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სავაჭრო ქსელებში ახალი პროდუქტების შესვლის საკითხი ალბათ რეგულირების ქვეშ უნდა მოექცეს, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ მმართველმა პარტნიორმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა სავაჭრო ქსელებთან და იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან „პოპორელი“ ბევრ ქსელში იქნება წარმოდგენილი. თითქმის ყველა სავაჭრო ქსელს აქვს თავისი საწებელი დამზადებული. ჩვენი უპირატესობა ალბათ ის არის, რომ განსხვავებული გემოები გვაქვს - შინდის საწებელი, მაყვლის საწებელი, წიწაკის ორი სახეობა და ა.შ. ვამატებთ მოცვის, ატმის და სხვა სახის საწებლებს, რაც ვფიქრობ, დაგვეხმარება. ამბობენ, რომ არ მიიღებენ ჩვენს პროდუქციას, რადგან თავიანთი აქვთ“, - განაცხადა მანჯავიძემ.
კითხვაზე, რა მიაჩნია სიტუაციიდან გამოსავლად, მანჯავიძე პასუხობს: „ვფიქრობ, რაღაცა რეგულაციები უნდა იყოს. თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და კარგი იქნება, ჩვენთანაც ასე იყოს. ვფიქრობ, რაღაც რეგულაციები მაინც მისაღებია“.
ის კონკრეტულ მოდელზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლებელია, ევროპული მაგალითების გათვალისწინება.