ირაკლი კობახიძის თქმით, პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის გუშინდელი განცხადება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით, შანტაჟია.
"რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია, გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალურად მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც ბუნებრივია არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონს ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი - შარშან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არჩევანი, ყველამ მას პატივი უნდა სცეს. აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
მე ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში. თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. ვფიქრობ, რომ შანტაჟი შანტაჟად დარჩება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.