მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, ჩვენი მომგებიანობით საბანკო სექტორში კომპანიების ხუთეულში შევალთ - „კრისტალის“ გეგმები

კრისტალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში" სტუმრობისას „კრისტალის“ გასული წლის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, გაუმჯობესებულია ორგანიზაციის მომგებიანობის მაჩვენებლები, რაც იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ორგანიზაცია საბანკო სექტორში მომგებიანობით კომპანიების ხუთეულში შევა.

„კრისტალის ზრდა შედარებით ზომიერი იყო. კერძოდ, ზრდა დაახლოებით, ბაზრის 12%-ზე მეტი იყო, მაგრამ ჩვენი მომგებიანობის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. გაუმჯობესებაში ის იგულისხმება, რომ ნორმალურ დონეს დაუბრუნდა, რადგან პანდემიის შემდეგ სექტორზე დიდი წნეხი იგრძნობოდა. ჩვენი მომხმარებლების გაჭირვება გავიზიარეთ და გარკვეული პერიოდი ისეთი მომგებიანები არ ვიყავით, მაგრამ ახლა ნორმალურ მომგებიანობას დავუბრუნდით და ყოველკვარტალურად ამ მაჩვენებლებს ვაუმჯობესებთ. ვფიქრობთ, საბანკო სექტორში, კომპანიების ხუთეულში ჩვენი მომგებიანობით უნდა შევიდეთ, რადგან ძლიერი კომპანიაა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, კარგი დისტრიბუციის არხები გვაქვს, მომხმარებელი გვენდობა და არ გვაქვს მიზეზი რომ ფინანსურად სტაბილური არ ვიყოთ“, - ამბობს იგი.

არჩილ ბაკურაძემ სამომავლო გეგმებზე საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი უზბეკეთის ბაზარზე გააკეთა. კომპანია იქ გასულ წელს შევიდა და როგორც „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, დიდი გეგმები აქვთ.

„განვიზრახეთ, 25-წლიანი გამოცდილება რეგიონის დონეზე გაგვეტანა და პირველი დებიუტი უზბეკეთი იყო. მიზნად ვისახავთ, იმ ბაზრის ლიდერი შევქმნათ და ყველა წინაპირობა გვაქვს რომ კარგი, პასუხისმგებლიანი და უფრო დიდი კომპანია იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ იქ ფინანსური სერვისები განვითარებული არ არის, 5-ჯერ უფრო დაბალია შეღწევადობა. უზბეკური ბაზარი 50-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ქართული და ამიტომ დავინტერესდით. იქ საქმიანობის დაწყებით აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი გამოცდილება, ტექნოლოგიები, ცოდნა, მიმართება ბიზნესისადმი და კორპორატიული კულტურა დიდი მოთხოვნით სარგებლობს“, - განაცხადა მან.

არჩილ ბაკურაძის თქმით, „კრისტალი“ მომხმარებლებს სერვისებს ორი მიმართულებით სთავაზობს.

„ერთია სტრატეგიული საინვესტიციო სერვისები, რომელიც მოიცავს კომპანიის გამართვას, განვითარებას, მის მეთვალყურეობას, ფინანსურ ზედამხედველობას და ინვესტირებას, როგორც კაპიტალის ისე სასესხო კაპიტალის მოზიდვა და რეფინანსირების ორგანიზება - ამ კუთხით საქართველო გვინდა გარკვეულწილად ჰაბად ვაქციოთ, როცა შევძლებთ რეფინანსირების ოპერაციების ორგანიზებულად გაკეთებას საქართველოდან. მეორე ნაწილი ტექნოლოგიურია, შევქმენით გუნდი/სერვისების ცენტრი, რომელიც კომპანიას ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებით უზრუნველყოფს“, - განაცხადა მან.

გამოწვევებზე საუბრისას, მან თქვა, რომ მთავარი გამოწვევა კულტურული თანხვედრაა.

„ისინი სხვა კულტურის ხალხია და ჩვენი უნარი გავუგოთ, შევამხანაგდეთ და ემოციური კავშირი დავამყაროთ ჩვენს უზბეკ თანამშრომლებთან ჩვენი წარმატების წინაპირობაა. ეს გამოგვდის და ამის პოზიტიური ნიშნები არის. ქართველები კულტურულად ვართ აქტიური და ნიჭიერი ხალხი, ალბათ ჩვენი მდებარეობის გამოც. თანაბრად შეგვიძლია ვეურთიერთოთ დასავლურ, ევროპულ კულტურას და აღმოსავლურსაც, ამიტომ თუ ამ უნარს გამოვიყენებთ საერთაშორისო ბიზნესში ეს ქართული ბიზნესის დამატებითი უპირატესობა იქნება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები