მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, ენერგოპროექტების ხელშეწყობას ბანკებთან თანამშრომლობით მოვახდენთ - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერის არსებული მექანიზმი ქმედითია, თუმცა მთავრობა მზადაა სხვა მექანიზმებიც განიხილოს.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფიქრობს, რომ ენერგოპროექტების ხელშეწყობა ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდება.

„მხარდაჭერაზე მუდმივი დიალოგი გვაქვს კერძო სექტორთან. ბოლო დღეებში არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები კერძო სექტორთან შევაჯერეთ იმისთვის, რომ უფრო ქმედითი იყოს ჩვენი მხარდაჭერა და რეალურად განხორციელებული პროექტები მივიღოთ დროში უფრო სწრაფად. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში ვაცნობთ სახელმწიფო ხედვას და ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართ. ინვესტორებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი. დღესაც, „თიბისი კაპიტალთან“ ერთად, გვექნება მსჯელობა დაფინანსების წყაროებზე, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ, პროექტები გადავიყვანოთ განხორციელების ეტაპზე. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმი ფასის კუთხით არის ძალიან ქმედითი, თუმცა ჩვენ ბიზნეს ასოციაციასთან საუბრისას განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, განვიხილოთ სხვა მხარდამჭერი მექანიზმები, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. ამიტომ, აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, საფინანსო სექტორთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. „თიბისი კაპიტალი“ და „თიბისი ბანკი“ ზოგადად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამფინანსებელი ენერგეტიკის სფეროში და მჭიდრო თანამშრომლობით ვფიქრობთ ბანკებთან ერთად მოვახდენთ ხელშეწყობას განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების",- განაცხადა დავითაშვილმა, რომელიც ელექტროენერგიის ბაზართან დაკავშირებით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციის წარდგენას დაესწრო.

ცნობისთვის, მთავრობა ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მოდელს ცვლის. იმ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პირდაპირ გააფორმებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და ახალი CFD აუქციონები აღარ გამოცხადდება. ვიცე პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა PPA, ანუ სიმძლავრის გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს აღადგენს. თუკი წარსულში გაფორმებული PPA კონტრაქტების ტარიფების შესახებ არსებობდა კითხვის ნიშნები, თუ როგორ დადგინდა აღნიშნული ტარიფი, მისი თქმით, მომავალში გასაფორმებელ პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებში განისაზღვრება ის ტარიფი, რომელიც CFD აუქციონის შედეგად დადგინდა.

მეორე სიმძლავრის აუქციონის შედეგები ასეთია:

ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე, მედიანური ტარიფი - 6,50 აშშ ცენტი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი:

  • (1-4 სთ) – 7,50 აშშ ცენტი
  • (4-8 სთ) – 7,74 აშშ ცენტი
  • (8სთ>) – 10,35 აშშ ცენტი

ქარის ელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი - 6,00 აშშ ცენტი

ქარის ელექტროსადგურები ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 8,60 აშშ ცენტი

მზის ელექტროსადგური, მედიანური ტარიფი - 5,60 აშშ ცენტი

მზის ელექტროსადგური ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 6,39 აშშ ცენტი

სხვა განახლებადები, მედიანური ტარიფი - 15,35 აშშ ცენტი

მეორე სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები ჯერ გამოვლენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ 1877 მგვტ სიმძლავრის 147 პროექტზე შევიდა განაცხადები ეკონომიკის სამინისტროში, რაც 1077 მგვტ-ით მეტია აუქციონით გამოცხადებულ მაჩვენებელზე. 800 მეგავატის სიმძლავრის ენერგოპროექტების განმახორციელებელი კომპანიების გამოვლენის ვადა 12 მაისს იწურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები