მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, IMF-ის პროგრამის შეჩერებული მიმოხილვის დასრულება მომდევნო წელს იქნება შესაძლებელი - გიორგი კაკაურიძე

IMF საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებული მიმოხილვის დასრულება მომდევნო წელს იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ BMG-სთან განაცხადა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, დეტალებზე მსჯელობა IMF-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ოქტომბერში მოხდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები დაიწყება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პროგრამით გათვალისწინებულ პარამეტრებს სრულად იცავს.

„ჩვენ სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრებში მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის ოქტომბერში და ამის შემდეგ დავიწყებთ უკვე კონკრეტულ დეტალებზე მსჯელობას, რა ახალი ვალდებულებები შეიძლება რეფორმების ნაწილში ჩვენი მხრიდან იქნეს აღებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც სავალუტო ფონდი თავადაც აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებული გვაქვს, ყველა იმ პარამეტრს, რაც პროგრამით იყო გათვალისწინებული ფისკალურ და მაკროეკონომიკურ ნაწილში, სრულად ვიცავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარია იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში პროგრამის აღდგენაზე ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა, გვაქვს ამის [პროგრამის აღდგენის] მოლოდინი. დეტალებზე წლიური შეხვედრების ფარგლებში ვისაუბრებთ და ამის შემდეგ დაიწყება უშუალოდ მოლაპარაკებები. სავარაუდოდ, უფრო მომდევნო წლის დასაწყისში იქნება მისია საქართველოში. მიმოხილვის დასრულება, რომელიც შეჩერებულია, ვფიქრობთ, რომ მომდევნო წელს იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

BMG დაინტერესდა უფრო მეტად არსებული პროგრამის გაგრძელებაა მოსალოდნელი თუ ახლის დაწყება, რაზეც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს ტექნიკური ნაწილია. მისი განმარტებით, დიდი ალბათობით, არსებული პროგრამა გაგრძელდება.

„როგორც შევთანხმდებით და რაც უფრო სწორად გამოვა, როგორც გვირჩევს სავალუტო ფონდი და თვითონაც როგორც ურჩევნიათ, იმის მიხედვით... არ აქვს დიდი მნიშვნელობა ახალი პროგრამა იქნება, თუ არსებული გაგრძელდება. დიდი ალბათობით, არსებული პროგრამის გაგრძელება იქნება“,- თქვა გიორგი კაკაურიძემ.

IMF-ის პროგრამის შესახებ დღეს BMG-ის კითხვას უპასუხა ირაკლი კობახიძემაც. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამის აღდგენა ორივე მხარის ინტერესშია. ის იმედოვნებს, რომ პროგრესი მალე მიიღწევა.

"მქონდა 2 თუ 3 შეხვედრა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. მათი მხრიდანაც გამოითქვა ინტერესი, ჩვენი მხრიდანაც დადასტურდა ინტერესი. ორივე მხარის ინტერესებშია პროგრამა აღდგეს. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება. იმედი გვაქვს, რომ მალე მიიღწევა პროგრესი. ზოგადად, როგორც კი რეგიონში ზოგადი ვითარება დალაგდება, ყველა მიმართულებით დალაგდება ურთიერთობები ყველასთან და ყველაფერთან",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს, უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. ფონდი მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები