ანალიტიკოს მარინა გულედანის შეფასებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არასწორია.
როგორც "ქართული ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, "IMF-თან პროგრამის ქონა ჩვენი თვითმიზანი არ არის".
მარინა გულედანმა ამ განცხადებას "შიდა მოხმარების გზავნილი" უწოდა, რომელიც იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც საკითხი არ ესმის. მან "ანალიტიკასთან" ინტერვიუში სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ასეთი არასაჭირო თუ იყო ეს ყველაფერი, ამდენი წელი რატომ გვყავდნენ? მარტივი კითხვაა, 30 წლის შემდეგ რომ ამას ამბობ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ძალიან არასერიოზულია. სავალუტო ფონდი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოკომოტივი, სიგნალი და გარანტორი, რომ ქვეყანას აქვს მხარდაჭერა იმიტომ, რომ სავალუტო ფონდი დაკავებულია ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობით ყველა ქვეყანაში, სადაც მოღვაწეობს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ გლობალური სისტემა და ფინანსური ბაზრები ზოგადად ძალიან მჭიდროდ ინტეგრირებულია, ანუ ყველა ქვეყანა დაკავშირებულია და აღარ არსებობს იზოლირებული ფინანსური სივრცე. ჩვენ დახურული ეკონომიკა ხომ არ ვართ, მით უმეტეს სავალუტო რეზერვები უცხო ქვეყნის ვალუტაში გვაქვს, შესაბამისად სავალუტო ფონდის საქართველოში ყოფნა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ მათ შორის სიგნალი გავიდეს საქართველოდან იმის, რომ ჩვენ მხარდაჭერა გვაქვს და ხელს გვიწყობს ეს ორგანიზაცია, რომ სწორად ვმართოთ პოლიტიკა. როდესაც ქვეყნიდან გადის ინფორმაცია, რომ სავალუტო ფონდმა დაგვტოვა და პროგრამა შეწყდა, ეს რანაირად შეიძლება იყოს კარგი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომლებიც სავალუტო ფონს აღიქვამენ, როგორც ერთ-ერთ გარანტს, რომ ამ ქვეყანაში ვთქვათ ეროვნული ბანკი უსმენს ფონდს და ეხმარება ქვეყანას, რომ პროცესები სწორად ვმართოთ. ამიტომ, იმის თქმა, რომ ჩვენ თუ დაგვაინტერესებს ამას გამოვიყენებთ და გავაკეთებთ, ეს არის ისევ ვიწრო, შიდა მოხმარების გზავნილი, იმ ადამიანებზე გათვლილი, რომლებსაც უბრალოდ არ ესმით, ეს რას ნიშნავს",- ამბობს მარინა გულედანი.
შეგახსენებთ, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.
ამ ფაქტების გამო, IMF-ის პროგრამა შეჩერდა, რადგანაც საქართველოს მთავრობას ფონდთან გაფორმებულ მემორანდუმში ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ ხელისუფლება ფონდთან შეუთანხმებლად სებ-ის კანონმდებლობას არ შეცვლიდა, პარლამენტის მიერ დაძლეული ვეტო კი სწორედ ამ ვალდებულების დარღვევას წარმოადგენდა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. IMF მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში.