„ოცნების" პრემიერ-მინისტრი უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობის ზრდას ელის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კვოტები მოლოდინის გათვალისწინებით განისაზღვრება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მიმდინარეობს შრომის ბაზრის ანალიზი და ამის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის.
„რაც შეეხება სტუდენტების რაოდენობას, პირიქით, ამ გადაწყვეტილების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. წელს მიღებული იქნა დაახლოებით 31 000 სტუდენტი, ყველა უნივერსიტეტში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება მოლოდინის გათვალისწინებით. ანუ პირიქით, რაოდენობის ზრდა გვექნება. მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს შემცირდება ადგილების რაოდენობა. რეალურად, არავითარი ფორმით კვოტები არ შემცირდება.
ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვაწარმოებთ შრომის ბაზრის ანალიზს და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის, მაგრამ ჯამურად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ შემცირდება, პირიქით, გაიზრდება კვოტები სტუდენტების მისაღებად. იმიტომ, რომ მოლოდინი გვექნება, რომ მეტი წამოვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისკენ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. ზრდა გვექნება ისე, რომ რამდენიც აბარებდა უნივერსიტეტებში წელს, იმდენივეს შეეძლება უნივერსიტეტებში ჩაბარება. შეიძლება, თეორიულად, მთლიანად სახელმწიფომაც აითვისოს ეს რესურსი. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრა. იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი. კვოტები განისაზღვრება ამის შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სოციალური საკითხია და ამას განათლების მიზნებთან იმდენად კავშირი არ აქვს, რამდენადაც იმასთან, რომ ეს სოციალური მხარდაჭერაა, რომელსაც სტუდენტები მიიღებენ. კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სტატუსშეჩერებული სტუდენტები აღარ იქნებიან.
„ერთ-ერთი აწეული საკითხი იყო, რომ სტუდენტები ვერ ახერხებდნენ გადასახადის გადახდას და სტატუსშეჩერებულები არიან და ა.შ. არც ერთი სტატუსშეჩერებული სტუდენტი აღარ გვეყოლება არასდროს. მთავარი თემა არის სოციალური. ჩვენ სტუდენტებს ვუხდით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახადს იმისთვის, რომ მათი სოციალური მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ეს არის მთავარი მიზანი. რაც შეეხება მეორე მხარეს, ხარისხის ამაღლებას, ხარისხის ამაღლებას ემსახურება მთლიანად ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა, რომ განათლება იყოს უფასოც და ხარისხიანიც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.




























