უკრაინის ბაზრის 40%-ით ჩანაცვლების პერსპექტივას რუსთავში მდებარე „ავტოპაპას“ ავტობაზრობის ხელმძღვანელი, ბულგარეთის ბაზარზე ხედავს. ევგენი უსტინოვი გარკვეული შესაძლებლობების გაჩენაზე საუბრობს პოლონეთის ბაზარზეც. ის ადასტურებს, რომ უკრაინასთან ერთად, საქართველოდან ექსპორტი გაჩერებულია მოლდოვის მიმართულებითაც.
„მე კავკასიაში უმსხვილეს ავტობაზრობას წარმოვადგენ და შემიძლია ვთქვა, რომ მოლდოვამ უკრაინის მსგავსად საქართველოში ავტომობილების შეძენა შეაჩერა, რადგან მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ახლა ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ბულგარეთთან, რათა ბათუმიდან ვარნაში მოხდეს ავტომობილების ტრანსპორტირება.
ამასთან, საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდა, მაგალითად, პოლონეთში, სადაც ომის გამო უკრაინის მოქალაქეები ჩადიან. მათ იქ შეუძლიათ 1 წელზე მეტხანს გაჩერდნენ, ამიტომ თუ უკრაინის მოქალაქეები საქართველოში მანქანას შეიძენენ, მათ თავისუფლად შეუძლიათ ის პოლონეთში გადასაადგილებლად გამოიყენონ.
არ მგონია, ბულგარეთმა უკრაინული ბაზრის კომპენსაცია შეძლოს, თუმცა ამ ბაზრის 40%-ის აღდგენას შევძლებთ ბულგარეთის საზღვაო ხაზების მეშვეობით. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა ამ ომს მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოიგებს და ამის შემდეგ მოთხოვნა აღდგება, რადგან უკრაინის ეკონომიკის აღდგენას მხოლოდ უკრაინა კი არა, მთელი ცივილიზებული სამყარო შეეცდება. ჩვენ ველით გამარჯვებას და ვფიქრობ, საქართველო ამაში მონაწილეობას მიიღებს“, - აცხადებს უსტინოვი.
ის რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ საქართველოში ავტომობილების შეძენაზე გაზრდილ მოთხოვნაზეც საუბრობს. როგორც ირკვევა, ავტომობილების შესყიდვით, საქართველოში ჩარჩენილი ან შემოსული უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები აქტიურობენ.
„ამ დროისთვის ავტომობილებზე ფასი არ შეცვლილა. აღსანიშნია, რომ უკრაინიდან მოთხოვნის კლებასთან ერთად საქართველოში ჩარჩენილი, ან ჩამოსული უკრაინელებისა და რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა წამოვიდა. ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის მოქალაქებს, რომლებსაც ავტობაზრობაზე მანქანების შეძენა უნდათ ანუ მოთხოვნა კი არ შემცირდა, არამედ დეფორმირდა და უკრაინიდან არსებული მოთხოვნის ნაცვლად გაჩნდა მოთხოვნა საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან“, - აცხადებს უსტინოვი.
2021 წლის მდგომარეობით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 456 მილიონ დოლარს გადააჭარბა; აქედან ქართული ბაზრისთვის მთავარი გასაღების ბაზარი აზერბაიჯანია (248 მლნ აშშ დოლარი), უკრაინას კი საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილი (88 მლნ აშშ დოლარი) უჭირავს.




























