მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობთ, ვენახების სპონტანური გაშენება, რაც ბოლო ათწლეულში აღინიშნებოდა, უნდა დარეგულირდეს - მეხუზლა

ლევან მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით, ვენახების სპონტანური გაშენება უნდა დარეგულირდეს და აქცენტი ღვინის ხარისხზე გაკეთდეს.

მის კომენტარს ღვინის სააგენტო ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია ვენახის ხარისხზე.

„მსოფლიო მასშტაბით მძაფრი კონკურენცია და ჭარბწარმოებაა. ამიტომ ვფიქრობთ, ვენახების სპონტანური გაშენება, რაც ბოლო ათწლეულში აღინიშნებოდა, უნდა დარეგულირდეს. აქცენტი უნდა გაკეთდეს საბოლოოდ მიღებული პროდუქტის, ღვინის ხარისხსა და ჯიშების მრავალფეროვნებაზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

საქმე ისაა, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებით ვენახის გაშენებაზე თანხმობას 1-ელი მაისიდან ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტო, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც იქნება. ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, იქიდან აღებულ ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებს არ ეხებათ. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, რომ ვენახის გაშენებაზე ნებართვა მიიღოს, ამას კანონპროექტი არ განსაზღვრავს. ვენახის გაშენებაზე ახალი წესები სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. 1 მაისამდე დავით სონღულაშვილმა უნდა გამოსცეს ბრძანება, რომლითაც ფერმერისთვის ვენახის გაშენების კრიტერიუმები განისაზღვრება.

„აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ მიმართულია ღვინის სექტორის გაძლიერებისკენ. 2026 წლის 1 მაისამდე შემუშავდება კანონქვემდებარე აქტი, სადაც დეტალურად გაიწერება სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის წესები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვაზის ნერგები უნდა იყოს მიკვლევადი, ნიადაგის და კლიმატის კრიტიკული მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრულ მაჩვენებლებს; სწორედ მათი შეუსაბამობა გახდება ვენახის გაშენების თანხმობაზე უარის მიზეზი“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, ვერ მოახდენს კომერციული მიზნით ყურძნის ან ღვინის რეალიზაციას. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.

"საქართველოში უკვე არის კვალიფიციური ვაზის სანერგეები, რომლებიც მიმდინარე წლიდან შეძლებენ სერტიფიცირებული ნერგების წარმოებას. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა", - იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.

"ზოგჯერ საბავშვო ბაღში წასაყვან ბავშვს, პირდაპირ ინსტიტუტში ვსვამთ" - მეღვინე სამეწარმეო ვენახების ნებართვის შემოღებაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები