ხელვაჩაურის რაიონში მდებარე "ილიას მარანი" ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ღვინისა და აჭარული კერძების დეგუსტაციას, ასევე გლემპინგში განთავსებას სთავაზობს.
როგორც მარნის დამფუძნებელი, ილია მალაკმაძე BM.GE-სთან აცხადებს, მათ სერვისზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. მისივე ცნობით, მარანში 5 სახის აჭარული ჯიშის ღვინოს აწარმოებენ, რომელიც მათივე ვენახებიდან ყენდება.
"ვფლობ მე-6 საუკუნის კულტურულ მეურნეობას, ტყუპ მარანს, რომელსაც ძეგლთა დაცვის სამინისტრო იცავს. ასევე, მაქვს მცირე მარანი, სადაც 5 სახის აჭარულ ღვინოს ვაწარმოებთ. მათ შორისაა ჩხავი, ცოლიკაური, ცხენისძუძუ, უსახელო და საწური. ვენახები 42 წლის წინ ბაბუაჩემმა გააშენა და შემდეგ გავაფართოვეთ. წელიწადში დაახლოებით 2,5 ტონა ყურძნის გადამუშავებას და 1200 ბოთლამდე ღვინის ჩამოსხმას ვახდენთ. თუმცა, ყოველწლიურად ვფართოვდებით. ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ღვინის სადეგუსტაციო კულტურა ნაკლებადაა განვითარებული. იქიდან გამომდინარე, რომ მცირე წარმოება ვართ, ღვინოს მხოლოდ ადგილზე, ობიექტზე ვყიდით.
მარანზე მოთხოვნა დიდია. ძირითადი გვსტუმრობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოს მოქალაქეები. მარანში ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აჭარულ კერძებს გაეცნონ. ერთი ვიზიტორის ღირებულება, 40 ლარით გვაქვს განსაზღვრული",-აცხადებს მალაკმაძე.
ობიექტის დამფუძნებელი რთველის მოსავალსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ წელს რეგიონში საკმაოდ კარგი მოსავალია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რთველი აჭარაში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იწყება, შედეგები ოქტომბერში იქნება ცნობილი.