"ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ევროკავშირის ქვეყნებში - აზრთა სხვადასხვაობა, არ არის ერთიანი პოზიცია, სწორედ ამ ევრობიუროკრატიის ხარჯზე, როგორ კნინდება ევროკავშირის იმიჯი", - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.
ის ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ევრობიუროკრატების მხრიდან დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ხედავს.
„დიპლომატია არის საერთაშორისო ენა. არ უნდა არსებობდეს ორმაგი სტანდარტი. ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით, ყველას თავისი ეროვნული ინტერესები გააჩნია. ინტერესები არის შემდეგი ეტაპი, სადაც შეიძლება არ იყოს თანხვედრა და იქ მიდის მსჯელობა, როგორ მოხდეს დაახლოება საკითხების. მაგრამ პირველი ეტაპი, ელემენტარული წესი, რომელიც უნდა არსებობდეს, ორგანიზაცია იქნება თუ ქვეყნები, ელემენტარულია წესია პატივისცემა სუვერენიტეტის და ხელისუფლების, რომელიც აირჩია ხალხმა. აქ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომელიც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარებს.
ჩვენდა საბედნიეროდ, გვაქვს გამოცდილება და ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ევროკავშირის ქვეყნებში - აზრთა სხვადასხვაობა, არ არის ერთიანი პოზიცია, სწორედ ამ ევრობიუროკრატიის ხარჯზე, როგორ კნინდება ევროკავშირის იმიჯი. იძულებულები ვართ, მათ ასეთ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ ვუპასუხოთ ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენ არ ვუყურებთ დღევანდელი ევრობიუროკრატების თვალით ევროპას და ევროკავშირს. ჩვენ ვფლობთ ცოდნას, თუ რა არის ევროპა.
ჩვენ თავად ვართ ევროპის ნაწილი, ევროპის საწყისი. საუკუნეების მანძილზე სურვილი ჩვენი ხალხის, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპის ნაწილი, ძალაშია. თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენდა საბედნიეროდ საქართველოში საზოგადოება ძალიან სწორად ეკიდება და გრძნობს, რომ ეს ღირებულებები არის მთავარი და შემდეგ არის ეს ყველაფერი განსახორციელებელი. ჩვენ ნებისმიერ დროს ვართ მზად დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




























