საქართველოში ერთწლიანი ოპერირების შემდეგ, Retain-ი ყაზახეთის ბაზარზე შევიდა.
ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Retain-ი, რომელიც ბაზარზე გასული წლის 15 მაისიდან ამოქმედდა, დღეს 2 500-ზე მეტ ფილიალშია წარმოდგენილი. ახლა, კომპანიის გეგმაა, რომ ყაზახეთში 10 000 ლოკაცია მოიცვას. ამის შესახებ BM.GE-სთან Retain-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ლევან ჯაბუა საუბრობს.
" 2024 წლის 21 მაისიდან, ანუ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 1 წელში Retain ყაზახეთის ბაზარზე შევიდა. დავარეგისტირირეთ კომპანია, გვყავს გუნდი და ადგილობრივი პარტნიორები. ასტანაში უკვე 5 ლოკაციაზე ვართ წარმოდგენილი. სპეციფიკა იგივეა, QR კოდებისა და უკუკავშირის სისტემის საშუალებით კომპანიები შეძლებენ, მიიღონ უკუკავშირი პირდაპირ სათაო ოფისში. საქართველოში გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის კომფორტულია სრული სერვისი, ამიტომ ყაზახეთშიც იგივე სქემით ვოპერირებთ - ანგარიშის შექმნა, კითხვარის/უკუკავშირის გენერირება, QR კოდის დიზაინის შექმნა, ბეჭდვა და მიწოდება, ჩვენს პარტნიორებს ყველაფერი გამზადებული მისდით ოფისში, მხოლოდ უნდა გაანაწილონ QR კოდები ფილიალებში.
გვინდა, რომ ყაზახეთში 10 000 ლოკაციაზე ვიყოთ. წლის ბოლომდე ვაპირებთ უზბეკეთში შესვლასაც და ამის შემდეგ ვგეგმავთ, სხვა ბაზრებზე გასვლას ", - განაცხადა ლევან ჯაბუამ BM.GE-სთან.
Retain-ი პარტნიორ კომპანიებს და მათ მომხმარებლებს პროცესების გაციფრულებაში ეხმარება და სთავაზობს პლატფორმას, რომლის მეშვეობით უკუკავშირის დატოვება, სულ რაღაც ათ წამში, დისტანციურად შეიძლება. Retain-ის ნოუჰაუ QR-კოდების გამოყენებას გულისხმობს, რომელთა დასკანერების შემდეგ, მომხმარებლებს უკუკავშირის დატოვება შეუძლიათ, რომელიც პირდაპირ კომპანიის მენეჯმენტთან მიდის. კომპანიებს კი, ეს ტექნოლოგია უკუკავშირის ერთ პლატფორმაზე მიღების საშუალებას აძლევს, რაც ბიზნესგადაწყვეტილებებს მეტად ეფექტიანს ხდის.