საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, პოლიტიკოსების ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით, მცირეწლოვან შვილებზე, ბულინგს გმობს, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
იოსელიანის განცხადებით, პოლიტიკოსები თავიანთ გადაწყვეტილებაზე პასუხს თავად უნდა აგებდნენ და არა - მათი ოჯახის წევრები.
“ცალსახად აღვნიშნავ, არა როგორც სახალხო დამცველი, არამედ, როგორც ადამიანი, რომ მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება არა მხოლოდ პოლიტიკოსს, არამედ მისი ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, არასრულწლოვნებს და ეს ყველაფერი აისახება მათ ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები არ აგებენ პასუხს მშობლების გადაწყვეტილებაზე, არც ოჯახის წევრები. თავად პოლიტიკოსები აგებენ პასუხს და მათ უნდა მიიღონ კრიტიკაც და უპასუხონ ამ კრიტიკას თავიანთი მოსაზრებებით.
ცალსახად ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას, რომელიც მიემართება ოჯახის წევრების, განსაკუთრებით, ბავშვებისკენ. ყველას ამოცანაა, იმ პრობლემებისა და ზეწოლისგან, რომელიც ჩვენს საჯარო ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, ჩვენი ოჯახის წევრები დავიცვათ, რადგან მათ ისედაც განსხვავებულ რეჟიმში უწევთ ცხოვრება. მათი ოჯახის წევრები საჯარო პირები არიან და ეს აისახება მათ ცხოვრების ხარისხზე”, - ამბობს იოსელიანი.
ინფორმაციისთვის, უმრავლესობის დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ლევან იოსელიანისგან დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს მას და უნდა იქნეს თუ არა გამოძიებული დეპუტატებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ბულინგი.