პიარის და სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტები განცხადებას ავრცელებენ. ისინი გმობენ მთავრობის გადაწყვეტილებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას, საჯარო მოხელეების დაშინებას და მოითხოვენ აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას, ძალადობის ფაქტების გამოძიებას და ევროკავშირთა მოლაპარაკებების აღდგენას.
"ჩვენ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს წარმომადგენლები, სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტები, პროფესიონალები, ვისთვისაც დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია, ვაღიარებთ რა საქართველოს ევროპული ვექტორის შენარჩუნების აუცილებლობას, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას:
- ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრების პროცესის 4 წლის ვადით შეჩერების შესახებ
- ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევებს, უკანონო დაკავებებსა და სამართლებრივ დევნას
- ვგმობთ საჯარო მოხელეების დაშინებას და მათ მიმართ ფარული, თუ ღია რეპრესიული მეთოდების გამოყენებას
- მოვითხოვთ საპროტესტო აქციების მონაწილეების დაუყოვნებელ გათავისუფლებას და სახელმწიფოს ხარჯზე სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას
- მოვითხოვთ პროტესტის მონაწილეების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების თითოეული შემთხვევის სასწრაფო გამოძიებას და დამნაშავეების სათანადოდ დასჯას
- მოვითხოვთ ევროკავშირთან მოლაპარაკების დაუყოვნებლივ აღდგენას და უახლოეს დროში ხელახალი არჩევნების დანიშვნას
ჩვენთვის საქართველოს ევროპული მომავალი უალტერნატივოა!
ხელის მოსაწერად გადადით შემდეგ ბმულზე.
სია პერიოდულად ახლდება..." - ნათქვამია განცხადებაში.