"ოცნების" მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველო გმობს ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევის ოპერირებას.
საქმე ისაა, რომ დღეიდან, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები ახლდება. დავითაშვილმა საკითხზე კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოს პოზიცია ძალიან მკაფიოა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.
"ამაზე ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ საქართველო გმობს აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევის ოპერირებას. ეს არაა მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ამას მხარს უჭერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), მათთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ეს ეწინააღმდეგება ICAO-ს პრინციპებს, ეწინააღმდეგება მათ შორის ოკუპაციის კანონს.
ამაზე სამინისტროს ჰქონდა ყოველთვის მკაფიო პოზიცია, ასევე რეაქციაც - ყოველთვის ჩვენი მხრიდან იყო ღიად დაგმობილი და რა თქმა უნდა, ამ პოზიციას შევინარჩუნებთ. როდესაც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ვერ ხდება ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან მათ შორის უსაფრთხოების ნორმების შეფასება, შემოწმება ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად, ICAO ამას ცალსახად არ აღიარებს და მიუღებელია. აქ რამდენიმე სანქცირებული კომპანიის ოპერირებაზეა საუბარი, მაგრამ გვესმის, რომ ეს უკვე ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე",- განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
კითხვას - საქართველოს მთავრობამ რუსულ მხარესთან ეს პოზიცია დააფიქსირა თუ არა, დავითაშვილმა ასე უპასუხა: "საქართველოს ხელისუფლებაც და ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც ამას გმობს, არ მიესალმება. ჩვენ ყოველთვის ღიად ვაფიქსირებთ პოზიციას და რა თქმა უნდა, რუსული მხარისთვის ეს გასაგებია".
საპასუხო ზომებზე, მათ შორის იმ რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებით შესაძლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, დავითაშვილი ამბობს, რომ "კომპანიები, რომლებიც ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევენ, რა თქმა უნდა საქართველოში ვერ იოპერირებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოყენებულია".




























