მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვგრძნობთ დისტანცირებას, გარკვეული ურთიერთობების გაციებას, დაპაუზებას…” - გური ქოიავა ინვესტორებთან ურთიერთობაზე

სტარტაპერი

“აქსელისა” და “სტარტაპ ბიუროს” თანადამფუძნებელი, გური ქოიავა, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა სტარტაპ ეკოსისტემაზეც მოახდინა გავლენა, რაც, ყველაზე თვალსაჩინოდ, საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობაში გამოიხატება.

ქოიავა ერთ-ერთი იყო იმ სტარტპერებიდან, რომლებიც ესტონეთში სტარტაპებისთვის განკუთვნილ ღონისძიებას, Latitude59-ს ესწრებოდა, სადაც, “რუსული კანონის” III მოსმენით მიღების შემდეგ, არაერთმა ბიზნესმენმა დააფიქსირა, რომ საქართველოში ინვესტირებისგან თავს შეიკავებენ.

“ვიდრე ესტონეთში ჩავიდოდით, ძალიან კარგად დაგეგმილი წლიური კალენდარი გვქონდა, რომელიც საქართველოს გლობალურ სტარტაპ რუკაზე დასმას ემსახურებოდა და მისი მიზანი იყო, საქართველო გლობალური საინვესტიციო სისტემის ნაწილი გაეხადა. ვაპირებდით, რომ ამ კალენდარს წლის ბოლომდე გავყოლოდით, თუმცა გეგმები სრულად შეიცვალა და ამოტრიალდა. ძალიან დამაღონებელი იყო, მათ შორის, ის, რაც ესტონეთში მოვისმინეთ. ესტონეთში ერთი კვირის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა სტარტაპებისთვის. საკმაოდ დატვირთული კვირეული იყო, ლამაზად ორგანიზებული ღონისძიებები, სადაც სტარტაპები და ინვესტორები ხვდებოდნენ ერთმანეთს, იქვე ხდებოდა მოლაპარაკებები და შეთანხმებები.

პირველი, რაც ვიგრძენით, მსუბუქად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტი იყო, რომ აქ მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში უკვე გავრცელებულიყო, რამაც საკმაოდ დიდი ეფექტი იქონია. ინვესტორებისგან ვგრძნობთ დისტანცირებას, გარკვეული ურთიერთობების გაციებას, დაპაუზებას… რაც წინა წლებში, რა თქმა უნდა, არ ყოფილა”, - აღნიშნავს გური ქოიავა.

“სტარტაპ ბიუროს” დამფუძნებელი განმარტავს, რომ საქართველოში ანგელოზი ინვესტორების მოძიება ისედაც დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული, რადგან ევროზონის მიღმა ინვესტირება ბიზნესმენებისთვის რისკიანი გადაწყვეტილებაა.

“საქართველოში ინვესტორების კაპიტალის მობილიზება პიროვნულ ურთიერთობებზე, წლებზე, შრომაზე, რეპუტაციაზე, ქვეყნის მდგრადობაზე და უამრავ სხვა კომპონენტზე იყო დაფუძნებული. ამ ნაწილში ვიგრძენით, რომ ეს ურთიერთობები, როგორც მინიმუმ, დაპაუზდება.

ივნისის ბოლოს ძალიან საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ, სადაც რეგიონის ქვეყნებიდან, ევროპიდან თუ ცენტრალური აზიიდან უნდა ჩამოვიდნენ სტარტაპები და ინვესტორები. ზოგიერთი მათგანისგან უკვე გვაქვს გულწრფელი პასუხები, რომ ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, ზოგი თავის არიდებას ცდილობს.

ერთ თვეში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და ჯერ კიდევ წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ჩამოვა, რა შედეგს მივიღებთ, რა იქნება - გაურკვევლობა და ბურუსია ახლა და ეს, ალბათ, თვეობით გაგრძელდება”, - ამბობს გური ქოიავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები